საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე სამთავრობო ცვლილებები განხილული არ ყოფილა, _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„უმრავლესობის სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ ყველა მიმდინარე საკითხი და მოვლენები, რომელიც ბოლო პერიოდში ვითარდებოდა ქვეყანაში, განვიხილეთ გაერო-ს ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგები მოსახლეობის კეთილდღეობის შესახებ.
ბევრი ადამიანი კვლავ ელოდება ხელისუფლებისგან ქმედით დახმარებას და ჩვენ ველოდებით მთავრობისგან კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებების საკითხს, ეს არ ყოფილა უმრავლესობის სხდომის დღის წესრიგში განხილვის საგანი. ეს საკითხი არ ყოფილა განხილვის საგანი უმრავლესობის სხდომაზე.
შესაძლოა, ზოგიერთ დეპუტატს აქვს მოსაზრება ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა, მე გეუბნებით, უმრავლესობის სხდომის საკითხებთან დაკავშირებით, რომ სამთავრობო ცვლილებები განხილული არ ყოფილა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებზე.
ამასთან ერთად, “გურია ნიუსმა” მოიპოვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობის დატოვებას გეგმავდა.
წყაროს თქმით, კვირიკაშვილი, ბიძინა ივანიშვილთან მართავდა შეხვედრას და კონსულტაციებს გადიოდა.
როგორც გვითხრეს, სამთავრობო გუნდი მისი გადადგომის წინააღმდეგი იყო.
წყარო დილით ამტკიცებდა, რომ კვირიკაშვილის გადადგომის საწინააღმდეგო არგუმენტი ისაა, რომ ოპოზიცია მის წასვლას გამარჯვებად ჩაითვლის და ამ ფონზე ამ ნაბიჯის გადადგმა არასწორი იქნება.
სწორედ ამ ინფორმაციის გაჯღერების შემდეგ დაინიშნა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელსაც კვირიკაშვილი და ივანიშვილიც დაესწრენენ. სხდომაზე იმყოფებოდა მინისტრთა კაბინეტიც.
სხდომის შემდეგ დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა.