რამდენად დიდია შანსი იმისა, რომ ,,ქართული ოცნებიდან“ გარიცხულმა ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა პოლიტიკური მოღვაწეობა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს დაუკავშიროს?_ დავით ჭიჭინაძე ერთადერთი დეპუტატია, რომელიც გიორგი კვირიკაშვილს თანამდებობის დატოვების შემდეგ იცავდა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებდა.
როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, იგი აქტიური პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას გეგმავს იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ,,ნამდვილი“ ,,ქართულ ოცნების“ წარმომადგენლები არიან.
,,ქართული ოცნება“ არის ქართველი ამომრჩეველი და ქართველი ხალხი. მე მათთან ვერავინ დამაშორებს. შესაბამისად, ქართველ ხალხთან ერთად და ნამდვილ ოცნებასთან ერთად გავახსენებ იმ ადამიანებს, თუ რა არის ქართული ოცნება“,_განაცხადა დეპუტატმა.
პოლიტოლოგი, ვახტანგ ძაბირაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა, კვირიკაშვილის დავით ჭიჭინაძესთან დაკავშირება საკმაოდ ლოგიკურია.
,,ამ ეტაპზე კვირიკაშვილისთვის წამგებიანი იქნება პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა. გარკვეული დრო არის საჭირო, ერთი წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ გარკვეული პოლიტიკური მდგომარეობა გამოიკვეთოს. კვირიკაშვილი თუ გადაწყვეტს პოლიტიკაში დაბრუნებას, შანსი იმისა, რომ ერთ გუნდად ჩამოყალიბდნენ მაღალია“,_გვითხრა ძაბირაძემ.
პოლიტოლოგი აფასებს, რამდენად მომგებიანია ,,ქართული ოცნებისთვის“ ისნის მაჟორიტარის გარიცხვა:
,,ზოგადად, გარიცხვა მიღებული არ არის დემოკრატიული პარტიისთვის, თუ არ ჩავთვლით კომუნისტურ პარტიას. გედევან ფოფხაძემ სწორედ ამიტომ შეადარა ,,ქართული ოცნება“ კომუნისტურ პარტიას. დავით ჭიჭინაძე პარტიიდან თუ გარიცხეს, გაჩუმდება და კრიტიკულ განცხადებებს აღარ გააკეთებს თუ რა? არ მესმის ,,ქართული ოცნება“ რა მოგებას ნახავს ამ გადაწყვეტილებით. არასწორია, როცა მცდელობაა იმისა, რომ პარტიაში აღარ გაბედონ კრიტიკული აზრის გამოთქმა“, _განაცხადა პოლიტოლოგმა.
ვის გუნდში ვიხილავთ ისნის მაჟორიტარს და ვისთავ ერთად გააგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.