ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ პროგრამას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო კურსს ითვალისწინებს ურეკში, შშმ ბავშვის მშობელი, ვეკო წულაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და ინტერესდება, რატომ ვერ მოხვდა მისი მცირეწლოვანი შვილი აღნიშნულ პროგრამაში.
“როგორც გავიგე, ლანჩხუთის მერიას ბიუჯეტში ჩაუდია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საკურორტო მომსახურება! ინფორმაცია შემთხვევით უნდა გავიგოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლებმა?! სად და როგორ უზრუნველყავით, რომ ლანჩხუთის ტერიტორიაზე მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლებს შეგვძლებოდა ინფორმაციის გაგება?! მაინტერესებს, რატომ არ მოხვდა ჩემი შვილი ამ პროგრამაში?! მაინტერესებს რომელი ნოზოლოგიის მქონე პირებია ამ პროგრამის მოსარგებლე? უზრუნველყავით მსგავსი ინფორმაციის საჯაროობა!” _ მიმართავს ლანჩხუთის მერიასა და ორგანიზაცია “პროგრესის ვექტორს” ვეკო წულაძე.
შშმ პირის მშობლის მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს იქვე ეხმაურება ზემოთ ნახსენები ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მარი ნუცუბიძე. იგი წერს, რომ აღნიშნულის შესახებ ლანჩხუთის მერიამ ინფორმაცია ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთში გამოაქვეყნა:
“ჩემო კარგო, ეს იმით აიხსნება, რომ სათანადოდ არ თანამშრომლობ ორგანიზაცია “პროგრესის ვექტორთან”. რაც შეეხება საჯაროობას, რა თქმა უნდა, იყო ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთში დაწერილი მერიის ინიციატივით. მიხვედი, იკითხე და დაგიმალა სოციალურმა სამსახურმა? ან მე მკითხე? ჩემი მხრიდან საჯაროობას რაც შეეხება, ბოდიში. საქმეებით ვიყავი დაკავებული და რომ შენ შენივე საკეთილდღეოდ ვერ მოიცალე ინფორმაციის მოსაპოვებლად, მე ამისთვის ნამდვილად ვერ მოგიხდი ბოდიშს”, _ წერს მარი ნუცუბიძე წულაძის საპასუხოდ.
ვეკო წულაძის აზრით, სოციალური სამსახური ვალდებულია პროგრამის შექმნისას სამიზნე ბენეფიციარებს მიაწოდოს ინფორმაცია. ასევე, მიაჩნია, რომ მარი ნუცუბიძეც, როგორც “პროგრესის ვექტორის” ხელმძღვანელი და აღნიშნული პროგრამის ინიციატორი, ვალდებული იყო, ორგანიზაციის გვერდზე დაედო საჯაროდ აღნიშნული ინფორმაცია:
“მუნიციპალიტეტი ვალდებულია მერიის გვერდზე განათავსოს ინფორმაცია და მხოლოდ ადგილობრივ გაზეთში რომ დაიბეჭდა, ეს საჯაროობას არ ნიშნავს. მე შეიძლება მივსულიყავი და მეკითხა, თუმცა, სხვა მშობლებმა და პირებმა რა ქნან და საიდან გაიგონ ინფორმაცია?
ელექტროფორეზი და ურეკის ქვიშა ვისთვის არის საჭირო, ეს როგორ დაადგინეთ? გაქვთ ფორმა #100? ან ვისაც არ უწერია, რომ სჭირდება ელექტროფორეზი, დასკვნა საიდან გაქვთ, რომ მათ ავნებთ ურეკის მაგნიტური ქვიშა? ეს არის კითხვები, რომლებიც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება”, _ ამბობს ვეკო წულაძე.
“გურია ნიუსი” იმის გასარკვევად, თუ რა პრინციპით შეირჩნენ ბავშვები, რომელთაც წელს ამ პროგრამით სარგებლობისა და ურეკში 10-დღიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლის შესაძლებლობა მიეცათ, მარი ნუცუბიძეს დაუკავშირდა. სწორედ მისი ორგანიზაცია კურირებს ლანჩხუთში შშმ პირთა პრობლემებს.
ნუცუბიძესთან საუბრით ირკვევა, რომ აღნიშნული სოციალური პაკეტი მხოლოდ ძვლოვან სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ბავშვებისთვისაა გამიზნული:
“ეს სარეაბილიტაციო კურსი გათვლილია ძვლის დაავადებებზე და იქედან გამომდინარე, რომ მის შვილს დაუნის სინდრომი აქვს, შესაბამისად, ვერონიკა ვერ იქნებოდა ამ პროგრამით მოსარგებლე. მით უმეტეს, პირადად მქონდა მასთან საუბარი და თქვა, რომ მისი შვილს არ ჰქონდა ამის საჭიროება და ამ პაკეტს მხოლოდ დასასვენებლად თუ მოიხმარდნენ. არსებული რეალობით, როცა სხვა ბავშვს სარეაბილიტაციო კურსის გავლის საჭიროება აქვს, მხოლოდ დასვენების მიზნით ამ პროგრამის გამოყენება, ცოტა უხერხულია”, _ გვპასუხობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
სოციალურ ქსელში წარმოშობილი დავის შემდეგ მერიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ აღნიშნული სოციალური პროგრამით, ურეკში, კერძოდ, სასტუმრო “გურიაში”, ათდღიანი სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად ლანჩხუთიდან შვიდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი გაემგზავრა. მერია აქვე იმასაც აკონკრეტებს, რომ ინფორმაცია აღნიშნული კურსის შესახებ გაზეთში გამოქვეყნდა, რის შემდეგ მშობლებმა მიმართეს საკონტაქტო პირს და ჩაეწერნენ კურსებზე.
ამ საკითხთან მიმართებით პრეტენზიების მქონე მშობლებისთვის გაუგებარია მერიის განცხადება:
“თურმე, დაინტერესებულმა პირებმა საგაზეთო პუბლიკაციიდან გაიგეს ამ პროგრამის შესახებ და გამოეხმაურნენ კიდეც. და ეს მაშინ, როცა, წესით, მერიას შესაბამისი სამსახური იმიტომ უნდა ჰქონდეს შექმნილი, რომ სწორედ იქ მოხდეს ყველა კატეგორიის შშმ პირის აღრიცხვა და სწორედ მან უნდა უზრუნველყოს ამა თუ იმ პროგრამისთვის ბენეფიციართა შერჩევა, მათი ინფორმირება და რა შუაშია საგაზეთო პუბლიკაცია, ვერ გავიგეთ”, _ ამბობენ შშმ ბავშვთა მშობლები.

































































