ისნის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ,,გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ შესაძლოა, მმართველი გუნდის სამდივნოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოში გაასაჩივროს. მისი თქმით, აღნიშნული წინადადება ,,ქართული ოცნების“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ შესთავაზა.
,,სამართლებრივი გზა არის, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრდეს პოლიტსაბჭოში. ბატონი გედი მეუბნება, რომ გავასაჩივროთ პოლიტსაბჭოში ეს გადაწყვეტილებაო. ბატონ გედის სურს, რომ არ დავტოვო ,,ქართული ოცნების“ რიგები, ამიტომ მთავაზობს ამ გზას. მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ვიმსჯელებთ. ზოგადად, მსიამოვნებს, როცა ჩემს თანაგუნდელებს არ სურთ, რომ დავტოვო ,,ქართული ოცნება“,_გვითხრა ჭიჭინაძემ.
იმ შემთხვევაში, თუ ისნის მაჟორიტარი დეპუტატი ,,ქართული ოცნების“ მიღმა დარჩა, ,,გურია ნიუსი“ დაინტერესდა, კონკრეტულად ვისთან აპირებს დეპუტატი პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას.დეპუტატი კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ საუბრობს.
,,გურია ნიუსმა“ დეპუტატს ჰკითხა, ყოფილ პრემიერ გიორგი კვრიკიაშვილთან პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლო გაგრძელებაზე რას ფიქრობს:
,,არ ვფიქრობ მაგ საკითხებზე, ჯერ კვირიკაშვილი არ დაბრუნებულა, არ გადაუწყვეტია არაფერი. მოქმედი დეპუტატი ვარ და ჩემი ვალდებულებები გამაჩნია. რაც არ არის ბუნებაში ,იმაზე ტვინის დაღლა არ არის სწორი“, _ გვითხრა ჭიჭინაძემ.