შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფმა იოსებ სიგუას ბიოგრაფია არ გაასაჯაროვა.
მას შემდეგ, რაც თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსმა, იოსებ სიგუამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, საკუთარი უფლება-მოვალეობები ვერ განმარტა, ,,გურია ნიუსი“ დაინტერესდა რა განათლებითა და სამუშაო გამოცდილებით დაინიშნა იგი აღნიშნულ თანამდებობაზე.
თავდაპირველად, ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით ვცადეთ, თუმცა, სიგუას დეკლარაცია და სხვა საინფორმაციო არხები მწირ ინფორმაციას გვაწვდიდა.
შსს-ს პრესსამსახურთან დაკავშირების შემდეგ, გვითხრეს, რომ წერილი ელექტრონულ მისამართზე გაგვეგზავნა, რის შემდეგ აღნიშნულ ინფორმაციას საჯარო ინფორმაციის სამსახური მოგვაწვდიდა.
კანონით დადგენილ ვადაში ელექტრონული ინფორმაცია სამინისტრომ არ მოგვაწოდა. კითხვაზე _რატომ? არც წერილობით გაუციათ პასუხი.
,,გურის ნიუსმა“ არა ერთხელ სცადა დაკავშირებოდა შესაბამის უწყებას, თუმცა, საჯარო ინფორმაციის სამსახურში ჩვენს ზარებს ორი დღის განმავლობაში არ უპასუხეს.
,,გურია ნიუსმა“ გადაწყვიტა, მთავარ სამართალდამცავ უწყებას შეახსენოს შემდეგი მუხლები:
-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლი გვეუბნება:
1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა.
2. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10-დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს.
– საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში 41-ე მუხლია პასუხისმგებელი, რომელიც გვეუბნება:
1. საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.
2. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას.
,,გურია ნიუსის“ არაერთი მცდელობის მიუხედავად, კანონით გათვალისწინებული ნორმები მთავარმა სამართალდამცავმა უწყებამ არ დააკმაყოფილა, რაც გვიჩენს ეჭვს, რომ საჯარო ინფორმაცია გამიზნულად არ გასაჯაროვდა.