“ძალიან საინტერესოა, რატომ არის მომრავლებულ ძაღლები ქალაქ ოზურგეთის ქუჩებში? _ ეს კითხვა არაერთხელ გაჟღერებულა, მაგრამ ჩვენი საშველი მაინც არ არის. უპატრონო ძაღლების ქალაქში ვცხოვრობთ, რომლის უმეტესობა საშიში და აგრესეული არის ადამიანებისთვის“, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს რამდენიმე რესპონდენტი.
გურულები, ასევე, ხუმრობით იხსენებენ ერთ ამბავს: „იყო დრო, როდესაც სამეგრელოდან ჩამოყვანილ ძაღლებს გურიაში უშვებდნენ, გურიიდან წაყვანილ ძაღლებს ფოთში და მის ახლომდებარე ტერიტორიაზე“, _ ამბობენ ისინი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვეუბნებიან, რომ მიუსაფარ ძაღლებს სტერილიზაციისა და ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ ბუნებრივ საცხოვრებელ ადგილებში აბრუნებენ.
ა(ა)ი პ ,,ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრის“ უმეთვალყურეოდ დარჩენილი შინაური ცხოველების იზოლაციის განყოფილების თანამშრომლების მიერ აქტიურად ხდება უპატრონო ძაღლების აყვანა და მათი ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანა. მათ უტარდებათ სტერილიზაციისა და ვაქცინაციის შესაბამისი პროცედურები, რის შემდგომაც ცხოველები ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოს უბრუნდებიან . ყოველ დაჭერილ ძაღლზე ხდება ცხოველთა დაცვის ფედერაციის მონიტორინგის სამსახურის მიერ ზემოთ აღნიშნული პროცედურების კონტროლი“.