ტაქსის მძღოლებს 1 ოქტომბრიდან სპეციალური ნებართვის აღება მოუწევთ. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ნებართვის საფასური, ჩვეულებრივი შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებისთვის იქნება 100 ლარი, ჰიბრიდებისთვის 50, ხოლო ელექტრომობილებისთვის – უფასო. ნებართვის არქონის შემთხვევაში მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება.
“ამ მოსაკრებლის გარდა, რაიმე სხვა გადასახადის გადახდა ნებართვის მფლობელებს არ მოუწევთ. ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება, რომ ნებართვა სალონში გამოაკრას. ნებართვის მაძიებლები ძალიან მარტივად, სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით გაივლიან რეგისტრაციას, რისთვისაც მიუთითებენ პირად მონაცემებს, მართვის მოწმობისა და ავტომობილის ტექპასპორტის ნომრებს და ელექტრონულად მოხდება საფასურის გადახდა. ამ პროცესურის გავლის შემდეგ მიიღებენ შესაბამის საბუთს. ამის გარდა, მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა გამგეობებს მიმართონ და გამგეობებშიც იქნება შესაძლებელი ნებართვების მიღება”, – განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს თქვა, რომ ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესება აუცილებელია. ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, დაჯარიმდებიან.