ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა და არასამთავრობო ორგანიზაცია თვითმმართველობის განვითარების სამოქალაქო ცენტრის ფასილიტატორმა ეკა ნინიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებით მიმართა.
ეკა ნინიძე საკრებულოსგან ითხოვს, დაინტერესდეს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის დავით მჟავანაძის ქმედებით.
“მჟავანაძემ არაერთხელ მომაყენა შეურაცხყოფა სოციალურ ქსელში და შესაბამისად, მინდა, შესაბამისმა კომისიამ იმსჯელოს მის არაეთიკურ ქმედებაზე და დააყენოს მისი თანამდებროვი პასუხისმგებელობის საკითხი“, _ გვითხრა ეკა ნინიძემ, რომელიც მჟავანაძის მიერ შეურაცხყოფის მიყენების მიზეზად თავის განსხვავებულ აზრს ასახელებს, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“22 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელმა თავმჯომარემ დავით მჟავანაძემ, სოციალურ ქსელში მომაყენა შეურაცხყოფა. დამადასტურებელი საბუთი იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
მინდა აღვნიშნო, რომ ეს მისი მხრიდან არ არის პირველი შემთხვევა. სამი წელია, მიზანმიმართულად ეწევა ჩემს დისკრედიტაციას და არ იშურებს შეურაცხმყოფელ ეპიტეთებს. იგონებს აბსურდულ ბრალდებებს და ცილისწამებებს. გუშინწინ კი ყოველგვარ ზღვარს გაცდა და ლამის, სამშობლოს მოღალატედ სახელგვდებს მე და უკვე ჩემს ძმასაც. ჩემი ძმა, ჯაბა ნინიძე, 5 წელია იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ფაქტობრივად, ამერიკის მოქალაქეა (რეზიდენტი).
მინდა, აღვნიშნო, რომ ეს ქმედებები დავით მჟავანაძის მხრიდან, არის განპირობებული ჩემი განსხვავებული აზრის გამო, რომელსაც მე პერიოდულად ვაფიქსირებ სოციალურ ქსელში, რაც არ მოსწონს. როგორც ჩანს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ეგუება განსხვავებულ აზრს და ფართო დიაპაზონს აძლევს ფანტაზიას. ბატონი მჟავანაძის ქმედება სხვა არაფერია, თუ არა ჩემს ,,გასაჩერებლად“ მიზანმიმართული ქმედება.
მივმართავ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას, იმსჯელოს ბატონი მჟავანაძის არაეთიკური ქმედებების გამო და დააყენოთ მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი“, _ გვითხრა ნინიძემ.
“ვადასტურებთ, რომ ეკა ნინიძის განცხადება შემოსულია და განსახილველად დაეწერება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას“, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურმა, ნათია ზედგინიძემ.
მჟავანაძისა და ნინიძის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დავით მჟავანაძემ გასულ კვირას მედიის წარმომადგენლებთან თქვა, რომ მას ეკა ნინიძის ძმა დაუკავშირდა ამერიკიდან და დაემუქრა. საქმეს სამართალდამცავები სწავლობენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “გურია ნიუსი“ დავით მჟავანაძეს დაუკავშრდა.
„ეკა ნინიძეს ვურჩევ, თავის კრიმინალ ოჯახის წევრს მიხედოს. თუ დაავიწყდა, შევახსენებ, რაც ჩაიდინა, იმაზე სისხლის სამართლის საქმეა აღზრული. ისე კარგი იქნება, თუ ჩამოყალიბდება და გადაწყვეტს, სამართლებრივ ჩარჩოებში ჩაეტევა, თუ ისევ თავის ძმას დაუკვეთავს ჩემი სიცოცხლის მოსპობას. სხვა კომენტარს ამ ადამიანის მოქმედებასა და განცხადებაზე ვერ გავაკეთებ, _ თქვა დავით მჟავანაძემ ჩვენთან სატელეფონო საუბრისას.