ოზურგეთში სპორტისა და ფიზიკური აღზრდის შესახებ კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნული საკითხი ოზურგეთელ სპეციალისტებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად განიხილა.
კანონპროექტის საჯარო განხილვას სპორტით დაინტერესებული და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები, გურიის გუბერნატორი, მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კომიტეტის და სამინისტროს თანამშრომლებმა შეკრებილ საზოგადოებას კანონპროექტის ძირითადი არსი, მიზნები და ამოცანები გააცნეს და იმ სიახლეებზე ისაუბრეს, რომელსაც კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს და სპორტის განვითარების მიმართულებით სიახლეებს წარმოადგენს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დისკუსიის პროცესში ღონისძიების მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს, რომლებიც ძირითადად, სპორტულ ბაზებს და ინფრასტრუქტურის მშენებლობას, სპორტული ტურიზმის განვითარებას და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას ეხებოდა.