ოზურგეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად მხოლოდ ორი დღით დანიშნული და შემდეგ კურიოზული ბრძანებით გათავისუფლებული ნატალია ხომერიკის საქმე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დასრულდა.
ბოლო სასამართლო პროცესი, სადაც მხარეებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს და მოწმეც დაიკითხა, გასულ ხუთშაბათს გაიმართა.
ოზურგეთის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლაშა თავაძე, რომელსაც მოსამართლე გიორგი ზვიადაძემ წინა პროცესზე ურჩია, რომ “ღილაკების არევის” და “მაუსების აცდენაზე” არ ესაუბრა, მაინც “პირველ ჩვენებას მიაწვა” _ მან ისევ გაიმეორა, რომ ხომერიკის დანიშვნის დროს ოზურგეთის მერს კონსტანტინე შარაშენიძეს ღილაკები აერია და ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ბრძანებაზე, უარყოფის ღილაკის ნაცვლად, თანხმობის ღილაკს დააჭირა მაუსი.
თავაძემ პროცესზე, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად არ უპასუხა კითხვას, ვინ უბრძანა მას ბრძანების მომზადება, რომლის თანახმადაც, ხომერიკი სამსახურის უფროსად უნდა დანიშნულიყო:
_ მერმა მითხრა, რომ ხომერიკი კულტურის უფროსად უნდა დანიშნულიყო. თურმე, განყოფილებას გულისხმობდა, _ აღნიშნა ლაშა თავაძემ, რომელსაც ხომერიკის ადვოკატის მარიამ ლევიძის კითხვებზე პასუხის გაცემა ძალიან გაუჭირდა.
მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი რამდენჯერმე ეცადა “დაემტკიცებინა”, რომ ხომერიკი იმ ორი დღის განმავლობაში სამსახურის უფროსის მოვალეობას არ ასრულებდა და პროცესზე გამოძახებულ მოწმეს ხათუნა სურგულაძეს, რომელმაც დაადასტურა, რომ 12 დეკემბერს დანიშნულმა ხომერიკმა თანამშრომლებთან თათბირიც კი ჩაატარა, შესაბამისი მტკიცებულების წარდგენა მოთხოვა.
_ რა უნდა მექნა, ბატონო ლაშა, თანამშრომლებთან სელფი უნდა გადამეღო და დანიშვნის ბრძანება სოციალურ ქსელში გამომექვეყნებინა? ორ დღეში სხვა რა სამუშაო უნდა შემესრულებინა, მტკიცებულებებს რომ მთხოვთ? _ ემოცია ვერ დამალა პროცესზე ნატალია ხომერიკმა.
მოწმე ხათუნა სურგულაძემ ლაშა თავაძეს სასამართლო პროცესზე უთხრა, რომ ცრუ ჩვენების მიცემა დანაშაულია და მისი კომენტარებიც არასწორია:
_ ოთხი შვილი გყავთ და, მინიმუმ, ღმერთის მაინც უნდა გეშინოდეთ, როცა ამბობთ, რომ ხომერიკი სამსახურის უფროსად არ დანიშნულა. თქვენ ცრუობთ! _ მიმართა სურგულაძემ ლაშა თავაძეს და სასამართლოს განუმარტა: _ მას შემდეგ, რაც ხომერიკის დანიშვნის ბრძანება კანცელარიაში გატარდა, მე შევხვდი ნატალიას და მივულოცე. მასთან ერთად ვიყავი ოთახში, სადაც თანამშრომლებს გაესაუბრა და მას შემდეგ, რაც თათბირი დაიწყო, გამოვედი“.
მანვე დეტალურად ისაუბრა იმ პროცედურებზე, რომელიც ბრძანების ძალაში შესვლისთვისაა საჭირო. სურგულაძემ, რომელიც 2017 წლის ოქტომბრის ბოლომდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის უფროსი იყო, განმარტა, რომ, იმ შემთხვევაში, თუკი მერს შეცდომა მოუვიდა, მას ჰქონდა შესაძლებლობა, დაერეკა კანცელარიაში, ეთქვა, რომ შეეშალა და დოკუმენტი არ გაეტარებინათ, რაც ხომერიკის შემთხვევაში არ მომხდარა.
ხათუნა სურგულაძემ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ოზურგეთის მერის მხრიდან “ქართული ოცნების” მხარდამჭერების დევნას აქვს ადგილი:
_ ოზურგეთის მერი დამოუკიდებელი კანდიდატია და მისი მხრიდან ადგილი აქვს “ქართული ოცნების” წევრების და მხარდაჭერების დევნას. მეც, ნატალია ხომერიკიც და ყველა ის ადამიანი, რომლებმაც უკვე მიმართეს სასამართლოს უკანონო გათავისუფლების გამო, იდევნებიან იმიტომ, რომ ვიყავით და ვართ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები. არჩევნებზე, ჩვენ გვერდით ვედექით “ქართული ოცნების” კანდიდატს და არა კონსტანტინე შარაშენიძეს. სწორედ ესაა მიზეზი, რომ ასე გვექცევიან, _ აღნიშნა ხათუნა სურგულაძემ.
ხომერიკის საქმეში პოლიტიკურ მოტივზე ყურადღება გაამახვილა ადვოკატმა მარიამ ლევიძემაც:
_ ამ საქმეში დარღვეულია მობილობის ყველა წესი, არ არის შედგენილი ოქმები და მერიის იურისტები საუბრობენ მხოლოდ ღილაკების არევაზე, რაც აბსურდია. ნატალია ხომერიკი, რომელმაც მისი გათავისუფლების შესახებ მედიიდან გაიგო, არის პოლიტიკური დისკრიმინაციის მსხვერპლი, _ აღნიშნა ადვოკატმა, რომელიც ოზურგეთის მერის კურიოზული ბრძანებების გაუქმებას, ხომერიკის დაუყოვნებლივ აღდგენას, მისთვის განაცდურის სრულად ანაზღაურებას და სადაო თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის ბათილად ცნობას ითხოვს.
ლევიძის ამ მოთხოვნას არ ეთანხმება საქმეში ჩართული მესამე პირის, ხომერიკის ადგილზე კონკურსის წესით დანიშნული მარინა ჯაფარიძის ადვოკატი, რომელიც მიიჩნევს, რომ ჯაფარიძე კანონიერად დაინიშნა და მისი გათავისუფლების და ხომერიკის აღდგენის საფუძველი არ არსებობს.
ჯაფარიძის ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ მერმა ხომერიკს ჯაფარიძე არჩია, რადგან ქალაქ ოზურგეთის მერიაში, ჯაფარიძე ხომერიკის ტოლფას თანამდებობაზე მუშაობდა, რომელსაც დამატებით გენდერული საკითხებიც ეხებოდა:
_ ჯაფარიძეს მეტი გამოცდილება გააჩნია. ახალშექმნილ სამსახურს დამატებული აქვს გენდერის კომპონენტი, რაშიც ჯაფარიძეს აქვს გამოცდილება და არა ხომერიკს. აქვე ვიტყვი, რომ კონკურსი ლეგალურად დაინიშნა და მისი შედეგები არ უნდა გაუქმდეს, _ აღნიშნა მოპასუხის ადვოკატმა.
ხომერიკის ადვოკატი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა საქმეში არსებული მტკიცებულებები ნანახი ჯაფარიძის ადვოკატს, რაზეც თანხმობა მიიღო:
_ მაშინ CV-იც გექნებათ ნანახი, რომელშიც გარკვევითაა მოცემული ხომერიკის გამოცდილება. თქვენ ამბობთ, რომ ჯაფარიძეს გენდერის საკითხებში ჰქონდა გამოცდილება. როდესაც ნატალია ხომერიკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობდა, ის კულტურასთან ერთად კურირებდა ტურიზმისა და სპორტის განყოფილებებს, რაც დღეს, მერიაში შექმნილი სამსახურის კომპეტენციაა და რომლის გამოცდილება მარინა ჯაფარიძეს არ ჰქონია. ამავე დროს, ყურადღება მინდა გავამახვილო თქვენს შესაგებელზე, რომელშიც ჯაფარიძე წერს, რომ გაესაუბრა მერს და ამ გასაუბრების შემდეგ შარაშენიძე მიხვდა, რომ იგი ხომერიკზე უპირატესი იყო. საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც ხომერიკი უკვე დანიშნული იყო სამსახურის უფროსად. ცოტა უცნაურია, რადგან დეკემბერში მერმა ჯაფარიძე განყოფილების უფროსად დანიშნა. ამაზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებ, რომ მობილობის პროცესი განგიმარტოთ. რაც შეეხება კონკურსს და იმ განცხადებას, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა ხომერიკმა მასში, როცა მერიას კონკურსის ჩატარების უფლება საჯარო სამსახურის ბიურომ მისცა _ იურისტები ხართ და უნდა იცოდეთ, რომ საჯარო სამსახურის ბიურო მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემს და რეკომენდაციები კანონზე უპირატესი არ არის. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს იყო სადაო თანამდებობა, რაც კარგად იცოდა მარინა ჯაფარიძემ და ხომერიკს სარჩელი ჰქონდა შეტანილი სასამართლოში. ამ ყველაფრის შესაბამისად, თქვენი არგუმენტები მიუღებელია, _ აღნიშნა ლევიძემ.
ხომერიკის ადვოკატის ამ პოზიციას, მერიის იურისტები ისევ “ღილაკების” არევის თემას “მიაწვნენ”. ლაშა თავაძის თქმით, ხომერიკის სარჩელის დაკმაყოფილება ნიშნავს, რომ მერია ღია კონკურსს ვერ ჩაატარებს.
_ ძალიან ბევრი მტკიცებულებაა წარმოდგენილი იმის შესახებ, თუ როგორ და რამდენჯერ დაარღვია მერიამ კანონი. ის, რომ უკანონობას ჰქონდა ადგილი, ამავე პროცესზე ლაშა თავაძემაც აღიარა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ნატალია ხომერიკის სარჩელი, ვფიქრობთ, სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, _ აღნიშნა ხომერიკის ადვოკატმა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ “ღილაკების არევის” კურიოზული საქმე 2017 წლის დეკემბერში დაიწყო.
2017 წლის 12 დეკემბერს შარაშენიძე წერს #40 ბრძანებას და ნატალია ხომერიკს ნიშნავს ოზურგეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად.
14 დეკემბერს მერი წერს ახალ ბრძანებას ნომრით 42 და 12 დეკემბრის #40 ბრძანებას ძალადაკარგულად აცხადებს ისე, რომ მიზეზს დოკუმენტში არ განმარტავს, თუმცა, მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ მას ნატალია ხომერიკი სამსახურის უფროსად არ დაუნიშნავს(?!).
“არა, სამსახურის უფროსად ის არ დამინიშნავს, შეიძლება რაღაც ტექნიკური გაუგებრობა იყო სამსახურის დასათაურებასთან დაკავშირებით, მაგრამ არც ჩემგან, არც სხვისგან ნატოს არ გაუგია, რომ მას ვნიშნავდი სამსახურის უფროსად. ამ ეტაპზე ხომერიკს განვიხილავთ კულტურის განყოფილების უფროსად და მერე ვნახოთ,” _ ამბობდა კონსტანტინე შარაშენიძე 13 დეკემბერს ერთ-ერთ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.
ამ კომენტარის გაკეთებიდან რამდენიმე საათში, შარაშენიძე კიდევ ერთ ბრძანებას წერს (#43) და ხომერიკს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის კულტურის განყოფილების უფროსის მე-2 რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნიშნავს, თან მასთან შეუთანხმებლად. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.
ეს თემა “გურია ნიუსმა” ექსკლუზიურად გაახმოვანა. ჩვენ მიერ ასევე გასაჯაროვდა დანიშვნის დოკუმენტიც, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ხომერიკის ერთდღიანი თანამდებობის გამო 14 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა განმარტება მერის მრჩეველს იურიდიულ საკითხებში კოკა კიღურაძეს და იურიდიული სამსახურის უფროსს ლაშა თავაძეს საკრებულოს სხდომაზევე მოსთხოვეს.
თავაძემ მერის, კონსტანტინე შარაშენიძის ეს გადაწყვეტილება საკმაოდ უცნაურად ახსნა და აღნიშნა, რომ ხომერიკის დანიშვნის ბრძანება ძალაში შესული არ იყო. არადა, ხომერიკის სამსახურის უფროსად დანიშვნის შარაშენიძის მიერ 12 დეკემბერს ხელმოწერილ ბრძანებაში გარკვევით წერია, რომ ძალაშია ხელმოწერისთანავე.
კიღურაძე უფრო შორს წავიდა და დეპუტატები ჟურნალისტთან გადმოამისამართა:
_ ჟურნალისტს, რომელმაც ეს ბრძანება გამოაქვეყნა, მოთხოვეთ ავთენტურობის დადგენა, _ მიმართა კოკა კიღურაძემ საკრებულოს დეპუტატებს, რასაც ოზურგეთელთა რჩეულების მხრიდან პროტესტი მოყვა.
საკითხს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძეც და აღნიშნა, რომ ამ თემაზე შარაშენიძესთან საუბარი ჰქონდა:
“ვინაიდან საკითხმა საზოგადოების ინტერესი გამოიწვია, მქონდა საუბარი მერთან, ბატონ კოტე შარაშენიძესთან შესაძლო საკადრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ქალბატონ ნატალია ხომერიკს უკავშირდება.
მივესალმები, თუ ამ ეტაპზე, ქალაქის მერი სწორედ ნატალია ხომერიკთან შეხვედრისა და შეთანხმების შედეგად მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას”, _ აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას 15 დეკემბერს.
თუმცა, როგორც ფაქტებმა ცხადჰყო, თალაკვაძის საუბარმა შედეგი ვერ გამოიღო _ 20 დეკემბერს შარაშენიძემ ახალი, #94 ბრძანება გამოსცა, რომელშიც წერია: “ბათილად იქნას ცნობილი ნატალია ხომერიკის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსის, პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მობილობის წესით გადაყვანის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 12 დეკემბრის #40 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 14 დეკემბრის #42 და ნატალია ხომერიკის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტი და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის კულტურის განყოფილების უფროსის მე-2 რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მობილობის წესით გადაყვანის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 14 დეკემბრის ბრძანებები”.
შარაშენიძეს ამ ბრძანებაში ბათილობის მიზეზი არ დაუკონკრეტებია, თუმცა, იმავე დღეს კიდევ ერთი _ #95 ბრძანება გამოსცა, რომელიც #40 ბრძანების ბათილად ცნობას ეხება და რომელშიც აღნიშნულია, რომ ხომერიკის სამსახურის უფროსად დანიშვნის ბრძანებისას გამოყენებული იქნება ელექტრონული სისტემა, სადაც “დაშვებული იქნა არსებითი შეცდომა”
ეს “არსებითი შეცდომა” შარაშენიძეს არც ამ დოკუმენტში განუმარტავს, სასამართლოს კი, როგორც მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ლაშა თავაძემ “აუხსნა”, იმას ნიშნავს, რომ “მომზადებული ბრძანების პროექტის “უარყოფის” ნაცვლად გამოყენებული იქნა “ხელმოწერის” ღილაკი”, რომელიც მერს ბრძანების დაწერიდან 8 დღის შემდეგ გაახსენდა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლო ამ კურიოზულ საქმეზე, რომელშიც, როგორც პროცესებზე დადასტურდა, უამრავი კანონდარღვევა იკვეთება, გადაწყვეტილებას ზუსტად 10 დღეში, 23 აგვისტოს, 17 საათზე გამოაცხადებს.