1 ოქტომბრიდან ტაქსის მომსახურება ლიცენზირებული საქმიანობა ხდება, ის მძღოლები კი, ვინც შემოწმებისას ლიცენზიას ვერ წარადგენენ, დაჯარიმდებიან.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის 200-ზე მეტი ლიცენზიაა გაცემული, 21 აგვისტოდან კი ნებართვის აღება იუსტიციის სახლებშიც იქნება შესაძლებელი.
„1 ოქტომბრიდან ტაქსით მომსახურება არის ლიცენზირებული საქმიანობა, ამასთან დაკავშირებით უკვე გავაკეთეთ განცხადება და დაიწყო დარეგისტრირება _ ტაქსის ლიცენზიების აღება. ამ ეტაპისთვის 200-ზე მეტი ლიცენზია არის გაცემული. ამ მიმართულებით სიახლე არის ის, რომ 21 აგვისტოდან ნებართვის აღება, ასევე, შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლებში. ჩვენ გავამარტივეთ ეს პროცედურები და ლიცენზიის მიღება სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი. ასევე, შესაძლებელია, ათივე გამგეობაში მოხდეს ეს მომსახურება. 1 ოქტომბრიდან, ვისაც ლიცენზია არ ექნება, დაჯარიმდება“, _ აცხადებს კალაძე.