ბატონი სოსო ჯაჭვლიანი ერთი ხანი წარმატებული სპორტსმენი გახლდათ. მომავალი პარლამენტარი ერთხელ შორეულ აშშ-ში აღმოჩნდა…
„საერთოდ იმ კატეგორიას მივეკუთვნები, იუმორი რომ უყვართ და ამ დროს არაფერი სწყინთ, თუნდაც მსუბუქი დაცინვა, გამოჯავრება და ა. შ. რამდენიმე წლის წინათ საზღვარგარეთის ტურნეში წარმატებული გამოსვლით აღტაცებას ვერ ვფარავდით.
იმ ტურნირზე ერთი ცნობილი ამერიკელი მკლავჭიდელი, ძალიან დაგვიმეგობრდა და მკლავჭიდის უამრავ საიდუმლოებასაც გვაზიარა. ბოლოს კი მეგობრობის ნიშნად მე და ერთ ჩემს სვან თანაგუნდელს სამკერდე ნიშნები გვისახსოვრა. ნიშანზე ჯანის და ღონის ასოცირებით, უზარმაზარ რქებიანი ხარი იყო გამოსახული. გაოცებული ეს ჩემი სვანი თანაგუნდელი ჩუმად მეკითხება:
– რატომ გვაჩუქა მხოლოდ მე და შენ ეს სამკერდულები ამ ამერიკელმა. თან რქებით? – ვერ ამიხსნი სოსო?
საერთოდ, ასეთი კითხვები მხიარულ ხასიათზე მაყენებს:
– როგორ, შენ ვერ ხვდები, რატომ? – შევუბრუნე კითხვა.
– როგორ უნდა მივხვდე, ხარია და რქები აქვს, რომელი კოლმეურნეები ჩვენ გვნახა.
– მართლა არ იცი? – არ ვეშვები.
– არა.
– იმიტომ რომ ჩვენ სვანები ვართ, გაგვახარა-მეთქი.
მაშინვე დაიჯერა და მთელი გზა, რაც ვიარეთ, ასე სჯეროდა. თბილისში რომ ჩამოვფრინდით, ვიფიქრე, ახლა არავის უთხრას რაც ვემასხრე და არ შემარცხვინოს ახლობლებში-თქო. თავიდან ავუხსენი ყველაფერი. საქმეში კი გაერკვა, მაგრამ მგონი პირველი ვერსია უფრო ესახელებოდა და თუ არ მომჩვენებია, ის ახალი განმარტება, ცოტა არ იყოს, ეწყინა კიდეც…“