აჭარის ხელისუფლებასთან ერთად, ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, უკვე მომავალი წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები მივცეთ იმ კომპანიებს, რომლებიც საზღვაო ბიზნესით და ამ სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის სერვისის მიწოდებით არიან დაკავებულნი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას 1tv-ი ავრცელებს.
„ეს არის მართლაც უნიკალური საშუალება. შემიძლია დღეს გავაჟღერო რამდენიმე პრინციპი – კომპანიები ფაქტობრივად ნულოვან საგადასახადო რეჟიმში შეძლებენ ამ სექტორში მუშაობას, მათ ექნებათ წვდომა უნიკალურ ელექტრონულ სერვისებზე, შეძლებენ რეკრუტირებას ძალიან კომფორტულ გარემოში, ამავე დროს, მოხდება ჩვენი კანონმდებლობის სრული ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან და ბევრი სხვა“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი დღეს გაიხსნა და ის საქართველოს პრემიერმინისტრის პატრონაჟით იმართება.
ფორუმში 53 სახელმწიფოდან 400-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი.
დღეს ფორუმის მთავარი თემა იქნება საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის სფეროში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც 2020 წლიდან განხორციელდება.