იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მარიხუანის კულტივაციის შესახებ აცხადებს, რომ გასათვალისწინებელია ის ეკონომიკური შედეგები, რაც შესაძლოა, მარიხუანის წარმოებამ მოიტანოს. აღნიშნული განცხადება წულუკიანმა საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გააკეთა.
,,შევაფასოთ ეკონომიკური შედეგი ამ რეფორმის, თუ ყველა ჩავთვლით, რომ ეს ის შედეგია, რომელიც ჩვენს საკმაოდ შეჭირვებულ ფინანსურ ეკონომიკას შვებას მისცემს და მკაცრი კონტროლის ქვეშ უზრუნველყოფს სახელმწიფო იმას, რომ შიდა ბაზარზე ეს ნივთიერება არ გავრცელდეს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რატომაც არა“, _ განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მარიხუანის კულტივირებას დაიწყებს, ქართულ ეკონომიკას დიდ სარგებელს მოუტანს.
,,არ ვთვლი, რომ რაიმე არის სანერვიულო წინასწარ ან პანიკის საფუძველი არსებობს, რადგან მთავრობის ინიციატივის საფუძველი იყო ერთადერთი, რომ ჩვენმა ეკონომიკამ, რაკი გვაქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება, სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიის სფეროში, დაიკავოს საერთაშორისო ეკონომიკაში გარკვეული ნიშა ან ნიშები, რაც შემოუტანს შემოსავალს ჩვენს ქვეყანას“, _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ამ ეტაპზე კანონპროექტის განხილვა, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, მარიხუანის კულტივირებას ითვალისწინებს, პარლამენტში დროებით შეჩერებულია.