ქალაქ ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრის გახსნის დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი იმყოფებოდა, რომელმაც ცენტრის მნიშვნელობასა და ფოლკლორის განვითარებაზე ისაუბრა.
ღონისძიების დასასრულს, მიხეილ ბატიაშვილს კითხვით მივმართეთ _ რა ინფორმაციას ფლობდა სოფელ შემოქმედში ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმის შესახებ, რომელიც 2017 წლის ბოლოს აშენდა და დღემდე არ გახსნილა.
“მერე, დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას“, – მოკლედ გვიპასუხა მინისტრმა. სხვა კითხვებზე, რომელიც გვაინტერესებდა აღარ მოიცადა და დაგვტოვა.
ფოლკლორისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი ამბობს, რომ მისთვის გახსნის თარიღი უცნობია, მაგრამ ის საჩუქარი, რომელიც მუზეუმს უნდა გადასცეს, დიდი ხანია მზად აქვს.
“სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს გახსნასთან დაკავშირებით. მივესალმები, რომ შენობა აშენებულია და მე კი ყველაფერი გამზადებული მაქვს, რომ საჩუქრად გადავცე მუზეუმს“, _ გვითხრა ანზორ ერქომაიშვილმა.
ცნობისათვის, ანზორ ერქომაიშვილი მუზეუმს ყველა იმ ჩანაწერს გადასცემს, რაც კი ჩაუწერია ვარლამ სიმონიშვილს 1930-იან წლებიდან სიცოცხლის ბოლომდე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსის, მარინა ჯაფარიძის თქმით, მუზეუმის შენობის გახსნა 2018 წლის ოქტომბერში იგეგმება, მანამდე კი აგვისტოში იყო დაგეგმილი მისი გახსნა.