ერთხელ ქართველი პარლამენტარები სამუშაო ვიზიტით ქალაქ ბაქოში აღმოჩნდნენ. იმ სტუმრობის პერიპეტიებს ბატონი ალექსანდრე შალამბერიძე იხსენებდა.
„ერთი პერიოდი მუდმივმოქმედ დელეგაციაში ვიყავი, რომელშიც საქართველოს გარდა სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები შედიოდნენ და ექვს თვეში ერთხელ ვიკრიბებოდით. პირველი შეხვედრა როდესაც შესდგა, აეროპორტში სომხებმა და აზერბაიჯანელებმა ერთმანეთს დასცხეს.
შემდეგი შეხვედრა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გვქონდა. ზაფხულია, მთელი ბულგარეთი გახდილი დადის ქუჩაში და სასტუმროში რა გაგვაჩერებდა. ახლა, ყველგან ერთად დავდიოდით, მაგრამ ერთი ჩვენი მეგობარი, პარლამენტარი რომან კუსიანი ხან სად გაქრებოდა, ხან სად. ერთხელაც ბარში ვსხედვართ და რომანი ცხვირჩამოშვებული შემოდის.
– კაცო, სად დადიხარ, აღარ იტყვი? – ვეკითხებით.
– სად და ქალებში.
– შე ოჯახაშენებულო, გაიხედე, ქალების მეტი რა არის და შენ სადღა ეძებ?
– თუ ვეძებ, რა ხეირი? – ამოიოხრა.
– რა მოხდა?
– მიწისქვეშ ერთ „ტოჩკას“ მივაგენი და უპასპორტოდ არ შემიშვეს.
– ქალისთვის მიწაში ძვრებოდი? – გამეცინა.
– მე, ძმაო, სიძნელეები მიყვარს, – ამაყად გამომხედა.
– ჰოდა, თუ სიძნელეები გიყვარს, სასტუმროში ხათუნა გოგორიშვილს აქვს ჩვენი პასპორტები და წაართვი, ქვესკნელის დათვალიერება მინდა-თქო.
– რას ამბობ, ალეკო, – შეშინდა, – ეგ სიძნელე კი არა, თვითმკვლელობაა“.