თბილისში მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ტაქსები აიკრძალება, რეგულაცია ძალაში შევა 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან, _ ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ასევე ცნობილი ხდება, თბილისში ტაქსების ფერთან დაკავშირებით თბილისის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. დედაქალაქში 2019 წლიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ.
კალაძის თქმით, მძღოლებს ვალდებულება, რომ მოქალაქეებს ტაქსით მომსახურება თეთრი ფერის მანქანებით შესთავაზონ, 2019 წლის მეორე ნახევრიდან ექნებათ.
ტაქსის მანათობელს მერია ტაქსის მძღოლებს უფასოდ გადასცემს. კალაძის თქმით, ტაქსები უფასო პარკინგითაც ისარგებლებენ და ავტომობილებზე განთავსდება რეკლამა, რაც დამატებითი შემოსავალი იქნება მძღოლებისთვის. დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ გრძელდება ტაქსების რეგისტრაცია:
“ამ ეტაპზე გაცემულია 6200-ზე მეტი ნებართვა”, – განაცხადა კალაძემ.
ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, დაჯარიმდებიან.