აფხაზეთში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირის, ნიკა იმნაძის დას, სვეტლანა იმნაძეს ლანჩხუთის მერიის მიმართ პრეტენზიები აქვს. როგორც სვეტლანა იმნაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, 27 სექტემბერს მერიამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ვეტერანებსა და მათ ოჯახებს ერთჯერადად 300 ლარი გადასცა, თუმცა, ამ ჩამონათვალში თავად ვერ მოხვდა.
„წინა ხელისუფლბის პერიოდში ადგილობრივი ხელისუფელბისგან ყველანაირ დახმარებას ვიღებდი, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირის მემკვიდრე, მაგრამ ახლა შემიწყვტეს. ბოლოს 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ მომცეს. გასულ წელს ორჯერ ვიყავი მისული ამ საკითხზე მერიაში სოციალური სამსახურის უფროსთან, თამარ ფირცხალაიშვილთან. ჯერ კანონის ენით მესაუბრა და მითხრა, რომ არ ვითვლები ძმის მემკვიდრედ და ამიტომ დახმარება არ მერგება. მეორედ რომ მივედი ფირცხალაიშვილთან, უკმეხად მომიშორა _ მომინდომა ახლა ამან ძმის სახელის ხარჯზე ფულები, მუნიციპალიტეტმა დახმარება უკვე გაგიწია სახლის სახურავის შესაძენად და ეს ერთჯერადი დახმარებაც იმ თანხაში შევიდაო.
გული მტკივა, რომ ჩემი ძმა ნიკა იმნაძე ამ მთავრობამ დაივიწყა, არანაირ დახმარებას არ ვიღებ ჩემი ძმის სახელზე. მე მის სახლში ვცხოვრობ, ვუვლი მის საფლავს. 27 სექტემბერს ყველა აფხაზეთში დაღუპული გაიხსენეს და დახმარება გაიცა, ჩემი ძმა კი არავის ახსოვს, მხოლოდ იმიტომ, რომ ცოლი და მშობლები არ ჰყავს. ნიკა იმნაძეს სიკვდილის შემდეგ გორგასლის ორდენი გადაეცა, მაგრამ ეს ვის აინტერესებს?! გამოდის, რომ სხვებმა იბრძოლეს, ნიკამ კი არა. ეგ დიდი სირცხვილია მთავრობის და რაიონის. წელიწადში ერთხელ მაინც გაიხსენოს ლანჩხუთმა ნიკა“, _ ამბობს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ნიკა იმნაძის და.
სვეტლანა იმნაძის საკითხთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ კომენტარისთვის ლანჩხუთის მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილებას დაუკავშიდა.
„ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამა“ მხოლოდ ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს. ქალბატონმა სვეტლანა იმნაძემ მხოლოდ ნიკა იმნაძის ქონების მემკვიდრეობის დამადასტურებელი ცნობა წარმოადგინა, ანუ ის არ შედის გარდაცვლილ ომის ვეტერან ნიკა იმნაძის ოჯახის შემადგენლობაში. მიუხედავად ამისა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული ნიკა იმნაძის სახლის რეაბილიტაციისთვის შემდეგი სახის დახმარება გაიცა:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სვეტლანა იმნაძეს 2016 წლის თებერვალში გაეწია ერთჯერადი ფინანსური დახმარება 800 ლარის ოდენობით. ასევე ამავე წლის ოქტომბერში გაგეწია დახმარება 200 ლარის ოდენობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამიდან“.
2017 წლის თებერვალში გაეწია ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1000 ლარის ოდენობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამიდან“.
2018 წლის აგვისტოში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაეწია დახმარება ერთჯერადი ფინანსური დახმარება 300 ლარის ოდენობით მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარების პროგრამიდან“-გვპასუხობენ ლანჩხუთის მერიაში.