ვინც ხელს აფარებს ფაშიზტს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე, – განაცხადა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, სადაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებაზე ისაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გვარამიას ფაშისტურ განცხადებას დღემდე არასამთავრობო ორგანიზაციები არ გამოხმაურებიან.
„ასეთი გამოხმაურება არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან არ მოგვისმენია. მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა, კერძოდ, მიხეილ ბენიძემ ნიკა გვარამიას დაცვაც კი იკადრა, ანუ რეალურად უკადრებელი იკადრა, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. სამოქალაქო სექტორის როლი და სამოქალაქო საზოგადოების იდეა არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის ქართულ-ამერიკული, ქართულ-ევროპული და ზოგადად ქართულ დასავლური ურთიერთობების კონტექსტში.
პერსონალიები, რომლებიც ზოგიერთ ორგანიზაციას სათავეში უდგანან, სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულობის ან პოლიტიკური მიკუთვნებულობის გამო აზიანებენ თავად ამ იდეას. ჩვენი შეშფოთების საგანი სწორედ ესაა, რომ ზოგიერთი პოლიტიზირებული პერსონის გამო, ზიანდება თავად იდეა და არასამთავრობო სექტორის როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რაც დაუშვებელია. გვინდა, ხაზგასმით განვაცხადოთ, ვინც ხელს აფარებს ფაშისტს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან.
ქართული ფაშიზმი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს და პასუხისმგებელნი ვართ იმაზე, რომ საქართველოში მომავალში ვეღარ გაიდგამს ფესვებს. 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ყველამ უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი ნაციონალური მოძრაობის ისტერიულ და უნიათო ფაშიზმს და ხმა მივცეთ ჭეშმარიტად ევროპულ, ევროპელ და ღირსეულ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქპოსტი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება“.