ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და მრავალფეროვანია. ესპანეთის სხვადასხვა კუთხეში დახვეწილ, ადგილობრივი ინგრედიენტებით შეზავებულ არაჩვეულებრივ კერძებს შეხვდებით, მაგრამ დღეს ძალიან მარტივ და გემრიელ, ამასთან ხელმისაწვდომ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც ბასკური სამზარეულოს მნიშვნელოვანი ელემენტებით _ ლობიოთი და შებოლილი ძეხვით, ლორითაა წარმოდგენილი.
ბასკეთის იბერიის და საქართველოს ურთიერთობაზე ბევრი რამ თქმულა და დღევანდელი ჩვენი რეცეპტიც ძალიან ჰგავს რაჭული ლორისა და ლობიოს არაჩვეულებრივ “მეგობრობას”. თუ ამ რეცეპტისთვის შეძლებთ და რაჭული ლორის ნაჭერს “მოიპოვებთ”, ნახავთ, რომ უგემრიელეს შედეგს მიიღებთ!
მასალა: შავი ლობიო _ 400 გრამი; შებოლილი ძეხვი _ 200 გრამი; შებოლილი ლორი _ 200 გრამი; 1 თავი ხახვი; 1 ცალი ტკბილი მწვანე ბულგარული წიწაკა; 1 ცალი დაფნის ფოთოლი; ცოტა მშრალი ორეგონო; დაფქული შავი პილპილი; 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი; გემოვნებით _ მარილი, მწვანე პიტნა.
მომზადება: მოვხარშოთ ლობიო. საქმე გაგვიადვილდება თუ კონსერვირებულ მოხარშულ ლობიოს შევიძენთ. თითქმის მზა ლობიოში, ერთი საათის დუღილის შემდეგ, ჩავყაროთ წვრილ კუბებად დაჭრილი შებოლილი ძეხვი და კიდევ ერთი საათი ვხარშოთ. ლორი წვრილად დავჭრათ და შევწვათ ტაფაზე მცენარეულ ზეთში. დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ბულგარული წიწაკა, დაფნის ფოთოლი, ორეგონო და ვშუშოთ დაახლოებით 10 წუთი. ჩავუშვათ ეს მასა ლობიოში, მოვაყაროთ მარილი, პილპილი. ვადუღოთ კიდევ 45 წუთი.
ეს კერძი მეორე დღეს კიდევ უფრო გემრიელია. სუფრასთან მიტანისას, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე პიტნის ფოთლები. ამ კერძს უხდება პური ბაგეტი.