საქართველოს მოქალაქეები, დღეს 6 წლის ვადით რიგით მე-5 პრეზიდენტს აირჩევენ.
არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს, რომელთაგან 19 პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ია, რომელშიც შედიან საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები _ მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე.
ცესკო-ს ცნობით, არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის, 55 საზღვარგარეთ, 11 კი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი.
საარჩევნო პროცესს გააშუქებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი;
აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა.