საპრეზიდენტო არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ, მმართველი პარტია დაშვებულ შეცდომებზე ალაპარაკდა. საპრეზიდენტო არჩევნებმა ნათელი გახადა, რომ საზოგადოება ჩამოშორდა მმართველ პარტიას ან პირიქით, მმართველი პარტია აღმოჩნდა შორს საზოგადოებისგან. ფაქტია, რომ 2012 წელს სახლში გაშვებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად დღეს ნაყოფიერი ნიადაგი აქვს შექმნილი.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დაშვებულ შეცდომებზე „გურია ნიუსთან“ „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ზაზა პაპუაშვილმა ისაუბრა.
_ ბატონო ზაზა, „ქართულ ოცნებაში“ საპრეზიდენტო არჩევნების წარუმატებლობის მიზეზად განიხილება ის, რომ პარტიამ საკუთარი კანდიდატი არ დაასახელა, თუმცა სალომე ზურაბიშვილს მმართველი პარტიის მხარდაჭერილ კანიდატს დავარქმევთ თუ არა, ის საზოგადოებაში „ქართული ოცნების“ კანდიდატად მოიაზრება.
როგორ ფიქრობთ, საკუთარი კანდიდატის დასახელებაშია პრობლემა თუ კანდიდატურაში, რომელიც წარმოადგინეთ?
_ არ შეიძლება ყველაფერი ამომრჩეველს დავაბრალოთ. მიზეზები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ამ მიზეზებზე მისაუბრია სახალხოდ. მოხდა ამომრჩეველთან დისტანცირება, სასწრაფოდ უნდა გამოვიდეს ქვეყანა „რუსთავი 2“-სა და „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგიდან. საზოგადოების ყველა წევრს მართებს დაცვა იმ დემოკრატიის, რომელიც ქვეყნის მონაპოვარია.
ხშირად მთავარ თემას ფარავდა მეორეხარისხოვანი თემები. თუ ამარცხებ ისეთ ხელისუფლებას, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, მათი სისტემა უნდა შეცვალო, თუ შენც ისე მართვას არ აპირებ. ჯერ საკუთარი მინუსების გამოსწორებაა საჭირო.
ამომრჩეველს მივმართავ, ხარვეზები გამოსწორებადია. გამოუსწორებელი იქნება თუ ძალაუფლებას კვლავ ეს ხალხი ჩაიგდებს ხელში. საკუთარ ერს არ ებუტებიან. ხალხმა ხელისუფლებას უნდა მოსთხოვოს შეცდომების გამოსწორება და დაპირებების შესრულება.
_ ბატონო ზაზა, შეგახსენებთ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს, რომელშიც პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყანაში აღმავლობა და აღმშენებლობაა. თუ ნამდვილად ასეა, რატომ საუბრობთ შეცდომების გამოსწორებაზე?
_ დამანგრეველი ქვეყანაში არაფერი ხდება, მაგრამ ეს ყველაფერი მიდის ძალიან ბევრი შეცდომის ფონზე, რომლის გამოსწორება შეიძლება. ამ ხელისუფლებას არ ჩაუდენია ისეთი სისხლიანი დანაშაულები, რომლებიც ჩაიდინა წინა ხელისუფლებამ. ეს შეცდომები თუ გასწორდება, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება.
მქონდა, მაქვს და მექნება სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების იმედი. ის არის სწორი კანდიდატურა. შეხედეთ მის ბიოგრაფიას და მერე გადახედეთ იმ ადამიანების ბიოგრაფიას, რომლებსაც უნდათ ძალაუფლების ხელში ჩაგდება.
ეს განგაშის ზარი სწორად არის შემოკრული. გამოფხიზლდეს ხელისუფლება, გადახედოს ყველა შეცდომას, საკადრო პოლიტიკიდან დაწყებული რეფორმებამდე დამთავრებული ისე, რომ მათი ადრესატი იყოს ქვეყნის მოსახლეობა.
ცესკო-ს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა _ 38,64 % მოიპოვა, გრიგოლ ვაშაძემ _ 37, 74; ხოლო დავით ბაქრაძემ _ თითქმის 10.97 %, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.