კალიფორნიაში ძლიერი ხანძრის, ე.წ. CAMP FIRE-ს ჩაქრობას, რომელიც წუთში დაახლოებით 80 საფეხბურთო სტადიონის ტოლ ფართობს წვავს, 2 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს.
როგორც CNN იუწყება, ხანძარმა ქალაქ ფარადაისში 1 000-ზე მეტი სტრუქტურა გაანადგურა. 40 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.
მაუწყებლის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არიან დაშავებულები, როგორც მოქალაქეები, ასევე მეხანძრეები.
ხელისუფლება შიშობს, რომ ცეცხლმა ქარის ხელშეწყობით, შესაძლოა, ქალაქ ჩიკომდე მიაღწიოს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 90 000 შეადგენს.
მაუწყებლის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, ჩიკოში მაცხოვრებლების ევაკუაცია უკვე მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, კალიფორნიაში ხანძარის რამდენიმე კერაა.
ვენტურაში ხუთშაბათს 2 ხანძარი გაჩნდა, რის გამოც, საფრთხე ათასობით ადამიანს შეექმნა. ვენტურას სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ე.წ. Hill Fire დაახლოებით 10 000 აკრზეა გავრცელებული.
როგორც სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლები პროგნოზირებენ, ცეცხლმა შესაძლოა წყნარ ოკეანემდე მიაღწიოს.
მათივე ცნობით, ხანძრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში კიდევ ერთი ხანძარი, Woosley Fire გაჩნდა, რის შედეგადაც, 2 000 ჰექტარი დაიწვა და ლოს-ანჯელესის სიახლოვეს მოსახლეობის ევაკუაცია გახორციელდა.