თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმრების წამების საქმეზე დღეს საქმის განხილვა უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა სხდომა მხარეების მოთხოვნით გადაიდო.
ბრალდებულ მეგის ქარდავას ადვოკატისა და ბრალდების მხარის შუამდგომლობით, პროცესები უნდა გადაიდოს, ვიდრე არ გადაწყვეტილა მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხი.
მოსამართლემ მხარეების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმის განხილვა 10 იანვრისთვის გადადო.
მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ასევე სავალდებულო წესის მიხედვით იმსჯელა დღეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე, თუმცა მოსამართლის განცხადებით, ვინაიდან ბრალდებულები მეგის ქარდავა და ალექსანდრე მუხაძე ემალებიან მართლმსაჯულებას, საჭიროა მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დარჩეს, რათა შესრულებული იყოს აღკვეთის გამოყენების მიზნები.
პატიმრების წამების საქმეზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე გაგა მკურნალიძე, შსს-ს სამეგრელო-ზემოსვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა, ხოლო უფლებამოსილების გადამეტებით გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი უფროსი ალექსანდრე მუხაძე ბრალდებულებად 2014 წლის იანვარში გამოცხადდნენ.
გამოძიების ინფორმაციით, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, 21 წლის ელდარ ქობალიაზე ზეწოლა და წამება განხორციელდა. ის დაკავებიდან ცხრა დღეში გარდაიცვალა.
ასევე გამოძიება მეგის ქარდავასა და გაგა მკურნალიძეს კიდევ ორი პატიმრის, კობა მატკავასა და მერაბ ყოლბაიას წამებას ედავება, რომელთაც პროკურატურის ცნობით, ასევე სთხოვდნენ სხვადასხვა ტერორისტულ აქტებში მონაწილეობა ეღიარებინათ.
წყარო: ტვ1