სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა, თეიმურაზ გორჯესტანმა „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შვილი ნოდარ ვაშაძე დებატებში გამოიწვია.
„ზურაბიშვილის ვაჟის განცხადება პრიმიტიული თავხედობაა. ასეთი განცხადების გაკეთებამდე, მას ცალი თვალით მაინც უნდა გადაეხედა საქართველოს კანონისთვის, რომელშიც წერია, რა უფლებები აქვს ადამიანს, რომელიც არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა.
ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონები „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმაც უნდა ისწავლოს.
„კანონის იგნორირებას აქვს ადგილი. კანონების სწავლის მიზნით, სალომე ზურაბიშვილიც უნდა ვამეცადინოთ. ზურაბიშვილს პრეზიდენტობაზე არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, თუ ელემენტარული სამართლებრივი საკითხები არ იცის. მითუმეტეს, იყო დრო, როცა მას მაღალი თანამდებობა ეკავა. დღეს არ არსებობს საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატი. დღეს საზოგადოება იძულებულია, არჩევანი ერთ-ერთ კანდიდატს შორის გააკეთოს, რაც სამწუხაროა“,_ აღნიშნა ცისკარიშვილმა.
თეიმურაზ გორჯესტანმა გრიგოლ ვაშაძის ვაჟი დებატებში გუშინ გამოიწვია.