ქართველ მსახიობებს ქვემოთ მოყვანილი დაუჯერებელი შემთხვევა შუა აზიაში გადახდათ. ამ ამბავს მოგვიანებით კახი კავსაძე იგონებდა.
„ შუა აზიაში შეხვედრაზე ვიყავით მე, ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი და დუდუხანა წეროძე. გამოვიდა იქაური რეჟისორი და წარადგინა: სიტყვა ეძლევა, ასეთ და ისეთ რეჟისორს, ასეთ და ისეთ კაცს, ბატონ ელდარ შენგელაიასო. გამოვიდა ელდარიც და ომახიანი ხმით ჩაარაკრაკა თავისი სიტყვა.
ახლა ისევ გამოაცხადეს, სიტყვა ეძლევა მერაბ კოკოჩაშვილს, ასეთ და ასეთ კაცს, ასეთ და ასეთ ადამიანსო. გამოვიდა მერაბიც და თქვა ომახიანად თავისი სათქმელი.
გავიხედეთ და ისევ დაიწყო გამოცხადება და არ თქვეს: სიტყვა ეძლევა ბოზ-მასხარას ქალბატონ დუდუხანა წეროძესო. გადავირიეთ ყველანი, კინაღამ ხმლები ვიშიშვლეთ და თურმე „ბოზი“ იქაურად ლამაზი ყოფილა და „მასხარა“ კი მსახიობი“.