აფხაზეთიდან დევნილმა, მომღერალმა, ნათია თოდუამ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა და მასთან ერთად ენგურზე მივიდა.
ნათია თოდუას თქმით, იგი მოხარულია, რომ სალომე ზურაბიშვილს ასეთი დამოკიდებულება აქვს აფხაზეთთან.
„დღეს, როდესაც ქალბატონ სალომეს პირადად შევხვდი და მან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე, აფხაზეთზე, დაიწყო საუბარი, მინდოდა მისთვის გამეზიარებინა ყველა ის გამოცდილება, წუხილი, დარდი, სევდა და იმედი, რაც აფხაზეთთან მაკავშირებს. ეს, ასევე, გამოიწვია, პირველმა ქართულმა სიმღერამ აფხაზეთზე, „ფრთამოტეხილი მაფშალია“, რაც ჩავწერეთ. მიხარია, რომ ქალბატონ სალომეს ასეთი დამოკიდებულება აქვს აფხაზეთის თემაზე და ასე მოეწონა სიმღერა აფხაზეთზე.
მისი დამოკიდებულება და იმედები, რაც აფხაზეთში მყოფ ხალხზე და აფხაზეთზე არის, მე ვფიქრობ, უნდა გსიამოვნებდეს ადამიანს და თუ შეგიძლია ხელი უნდა შეუწყო მას. ჩემი აქ ყოფნით, მცირედი არის ის, რაც შემიძლია იმ ტერიტორიისთვის, საიდანაც მოვდივარ, რასთანაც დიდი სიყვარული მაკავშირებს, სადაც ბებია და ბაბუა ცხოვრობენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ სიყვარულით და მშვიდობიანი თანადგომით ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. ძალა ერთობაში და სიყვარულშია“, _ განაცხადა ნათია თოდუამ.