„ქართულ ოცნებას“ მის მიერვე შექმნილი პროცესების გამო, მორიგი თავის ტკივილი ელის. რეალურად სალომე ზურაბიშვილის შერჩევით, “ქართულმა ოცნებამ“ იმთავითვე დაადასტურა, რომ არჩევნებში ზურაბიშვილის ნაცვლად, მმართველი პარტია მონაწილეობდა, რასაც დღეს აღარ მალავენ“, _ აღნიშნა იურისტმა ლევან ალაფიშვილმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას.
ალაფიშვილმა წინასაარჩევნო გარემოს შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ პროცესები იმდენად არადემოკრატიულ გარემოში წარიმართა, რომ საზოგადოებას თავისუფლად ნების გამოხატვის საშუალება არ ჰქონდა.
„საქართველოში არ წარიმართა ისეთი წინასაარჩევნო კამპანია, სადაც საზოგადოებას თავისუფლად ნების გამოხატვის საშუალება ექნებოდა. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, კრიტიკულად ყოფილიყო განწყობილი ის საზოგადოება, რომელსაც საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეაქვს.
ხელისუფლებამ, ვიწროპარტიული პოლიტიკის კვალობაზე, ბევრი შეცდომა დაუშვა, თუნდაც შეცდომა დაუშვა საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით. სწორედ, ამიტომ ხელისუფლებამ მიიღო ის გარემო, რომელშიც თვითონვე დაზარალდა.
ვიმედოვნებ, რომ ამ პროცესში ჩართული არც ერთი მხარე სახელმწიფო ინტერესს პარტიული ინტერესით არ ანაცვალებს. არ დაუშვებს, რომ ქვეყანაში ისეთი სცენარით განვითარდეს მოვლენები, რომლებიც დემოკრატიის ფარგლებს გასცდება“,_აღნიშნა ალაფიშვილმა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ხვალ, 28 ნოემბერს, გაიმართება. საპრეზიდენტო მარათონში ერთმანეთს „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდებიან.