სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჯ. დააკავეს, _ ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია.
ამ აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ყიდდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.
გამოძიების მიხედვით, აფთიაქების მფლობელები, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ რეალიზაციის მფარველობისთვის, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის – გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯ-ს დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ამ საქმეზე პასუხისგებაში მისცეს 21 პირი. ბრალდებულებმა მაქინაციის შედეგად 4 094 709 ლარის უკანონო შემოსავალი მიიღეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით).
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.