დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „გურია ნიუსთან“ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული მოთხოვნების შესახებ, მათ შორის, საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე საუბრობს.
„არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე ჩასატარებლად ბევრი რამ არის შესაცვლელი. 2024 წელს საარჩევნო სისტემა მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადავა, მანამდე კი საჭიროა ტექნიკური საკითხების შეცვლა, რომლებზეც მიუთითებენ საერთაშორისო დამკვირვებლები და ასევე, ადგილობრივი არასამთავრობოები. ხელისუფლებას აღნიშნულზე მზაობა უნდა ჰქონდეს“,_ აღნიშნავს ანჯაფარიძე.
დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს და აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს სახელმწიფო გადატრიალების წინაპირობად აფასებს.
„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის აუცილებლობას ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებს აქვს კონსტიტუციით გაწერილი მექანიზმები და არც ერთი მიზეზი, რის გამოც ინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, დღეს სახეზე არ გვაქვს. დღეს ოპოზიციის ერთადერთი მიზანი დესტაბილიზაციის მოწყობაა. სურთ, რომ გამარჯვება მოიპოვონ არა არჩევნების გზით, არამედ სახელმწიფო გადატრიალების გზით.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში მიიღო ხმების გარკვეული რაოდენობა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ამომრჩეველი საპარლამენტო არჩევნებადე გაჰყვებათ“, _აღნიშნავს ანჯაფარიძე.
კითხვაზე _ შეეცდება თუ არა ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ჩაშლოს?_ ანჯაფარიძე გვპასუხობს, რომ ამის ალბათობა დიდია.
„ვფიქრობ, რომ შეეცდება. გააჩნია, რა ხერხით შეეცდება და რამდენად მასობრივი იქნება ოპოზიციის აქცია. ვფიქრობ, ოპოზიციის მხიდან დესტაბილიზაციის მოწყოების დიდი ალბათობა არსებობს“, _გვითხრა ანჯაფარიძემ.