ქართული ენისა და ლიტერატურის ერთ-ერთი პედაგოგი რამდენიმე წლის წინ ერთ „უცნაურ და დამაფიქრებელ“ ამბავს იხსენებდა. გარკვეული მოსაზრებებით საკუთარი ვინაობის გამჟღავნება კატეგორიულად არ ისურვა.
“ზვიად გამსახურდიას დროს პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებლები რომ ჩამოყალიბდა, ერთ ასეთ უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის მისაღებ გამოცდაზე მოვხვდი. ზეპირ გამოცდაზე შესანიშნავი გარეგნობის ჭაბუკი შემოვიდა. ბილეთში დასმულ ვერც ერთ კითხვაზე ხმა ვერ ამოიღო. შევეკითხე.
– აბა, გვითხარი, ვისი დაწერილია “დიდოსტატის მარჯვენა”?
პასუხად კვლავ დუმილი მივიღე.
– კარგად დაფიქრდით, დაწერილია გა-გა-გამ… – ეშველება ჩემი კოლეგა.
ისევ დუმილი.
გა… გამ… გამსა… გამსახ…
– ა, ზვიად გამსახურდია, პატივცემულო! – თქვა ყმაწვილმა აღფრთოვანებით და გაბრწყინებული თვალები შემოგვანათა.
– ზვიადი თუ? – არ ვეშვები.
– ზვიადი თუ, კო… კონ… კო… სტ…
– ა, დიახ, მერაბ კოსტავა, რამ დამავიწყა, ასე ვიბნევი ხოლმე, პატივცემულო! – თქვა ისევ აღფრთოვანებით ყმაწვილმა და სახე გაებადრა.”
დარწმუნებული ვარ, თუ მოინდომებთ თანამედროვე საქართველოში ზემოთ აღწერილი სევდიანი ისტორიის არაერთ ანალოგს მოიძიებთ. სამწუხაროდ დღეს ამ მწარე რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.