„ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებულ წევრს, დავით კირკიტაძეს ბრალი რამდენიმე წუთის წინ წაუყენეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
როგორც ცნობილია, გამოძიება სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებული ვიდეო მასალის და პოლიციელების ჩვენებების მიხედვით მიმდინარეობს.
როგორც დავით კირკიტაძის ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, ბრალდების ტექსტში ქონების დაზიანების შესახებ საუბარი არ არის.
„ბრალდების მიხედვით, დავით კირკიტაძე არ დაემორჩილა პოლიციას და თავს დაესხა ავტობუსში მყოფ ერთ-ერთ პოლიციელს. მტკიცებულები ახლა გადმოგვეცა ჩვენ. ქონების დაზიანებაზე არ არის საუბარი ბრალში. ბრალში მითითებულია, რომ პოლიციას ჰქონდა გზა გადაკეტილი, ინაუგურაციის გამო. იყო კორდონი, რისი გარღვევაც ტრასის გათავისუფლების მიზნით სცადა, შემდეგ კი თავს დაესხა ავტობუსში მყოფ პოლიციელს“, _განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.
მისივე განცხადებით, დავით კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და დღეიდან მშრალ შიმშილობას იწყებს.
ცნობისთვის, დავოთ კირკიტაძე მესამე დღეა კახეთის სამხარეო პოლიციის იზოლატორშია მოთავსებული.