პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ეკა ბესელიას ანრი ოხანაშვილი ჩაანაცვლებს.
როგორც გვითხრეს, ეს გადაწყვეტილება უმრავლესობის წევრებმა დღეს, “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ თანამდებობა გასულ წლის 27 დეკემბერს დატოვა. მასთან ერთად თანამდებობიდან მისი მოადგილე, ვანო ზარდიაშვილი წავიდა.
ბესელიამ თანამდებობის დატოვების მიზეზას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია დაასახელა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ “ბესელია სხვა მიზეზით წავიდა”.
ამ დრომდე უცნობია ეს “სხვა მიზეზი”. პარლამენტის თავმჯდომარეს დეტალებზე არ უსაუბრია. ეკა ბესელიამ კი აღნიშნა, რომ საკითხზე რამდენიმე დღეში, მას შემდეგ ისაუბრებს, რაც საქართველოში დაბრუნდება.
აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი _ ეკა ბესელიამ გადადგომამდე მის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე დანიშნა, თუმცა, იგი, ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” დღეს იურიდიული კომიტეტიდან გაიწვია.
შესაბამისად, ვაკანტურია პირველი მოადგილის პოსტიც, რომელზეც “გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით დავით მათიკაშვილს განიხილავენ.