მცხეთაში წინამღძვრის მიერ ჯვრის მონასტრის დაკეტვას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კონფლიქტი საერო და სასულიერო პირებს შორის დაუშვებელია და მხარეებმა შეთანხმების მიღწევა უნდა შეძლონ.
„გვინდა გამოვეხმაუროთ, გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ჯვრის მონასტრის დაკეტვას ეხება. მიუხედავად ღრმა პატივისცემისა დედა ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ, მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია კონფლიქტი საერო და საეკლესიო პირებს შორის. დღეისათვის არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც შეიძლება კონფლიქტი ღიად დარჩეს და არ მოიძებნოს კონსესუსი. გვინდა აღვნიშნოთ მცხეთის მუნიციპალიტეტისა და პირადად ბატონი მერის დამოკიდებულება ჯვრის მონასტრისა და მიმდებარე ტერიტორიის მიმართ. მოგახსენებთ, რომ ტერიტორია არ გახლავთ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, მიუხედავად ამისა, ყველა ბერკეტი და საშუალება იქნა გამოყენებული მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის მხრიდან, რომ ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე იყოს წესრიგი, ტერიტორია მარაგდება წყლით და მაქსიმალური ძალისხმევა და შრომა იხარჯება, რათა ჩამოსულ სტუმრებსა და ვიზიტორებს არ შეექმნათ დისკომფორტი. უთანხმოების მიზეზის განხილვისას, რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია იმ ადამიანთა ბედი, ვინც ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობით არის დაკავებული. ვიმედოვნებთ დიდი რწმენა და ღვთის სიყვარული შედეგს გამოიღებს და ძალიან მალე ერი და ბერი ერთად აღავლენს ლოცვას მცხეთის ჯვრის მონასტერში“, _ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მცხეთაში ჯვრის მონასტერი წინამძღვრის გადაწყვეტილებით დაკეტეს. სასულიერო პირები მონატრის წინ მდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ.