„იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დაიშალოს. აღნიშნული საბჭოს წევრები ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, როგორიც სასამართლოში გაბატონებულ კლანსა და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას აწყობს“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ალექსანდრე ბარამიძემ.
მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში არსებულ, ე.წ. გავლენიან კლანს პოზიციების გამაგრება საქართველოს უზენაეს სასამართლოში სურს.
„სასამართლო სისტემაში გაბატონებულ მოსამართლეთა კლანს თითქმის ყველა წიაღში საკუთარი პოზიციები აქვს გამაგრებული, გარდა უზენაესი სასამართლოსა. ამიტომ გავლენიან მოსამართლეებს ამ სისტემაშიც სურთ საკუთარი ხალხის შეყვანა, რათა უზენაესი ინსტანცია ჩაკეტონ და საბოლოოდ, საკუთარი გავლენების სფეროდ გადააქციონ“,_ ამბობს ბარამიძე.
ბარამიძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ თანამდებობებზე ოდიოზური მოსამართლეების უვადოდ განმწესება არ უნდა აწყობდეს, მით უფრო, როცა მმართველი პარტიის გავლენა საზოგადოებაზე შესუსტებულია.
„ქართულ ოცნებას“ არ უნდა აწყობდეს კლანური მოსამართლეების უვადოდ განმწესება. გვახსოვს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, როდესაც მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი ტური, ფაქტობრივად, წააგო და რომ არა ამომრჩეველთა მოსყიდვა, დიდი ალბათობით, მეორე ტურშიც ვერ გაიმარჯვებდა.
საზოგადოებაზე „ქართული ოცნების“ გავლენა შესუსტებულია და მყარი საფუძველი არსებობს იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ უფრო შესუსტდება. ჩვენი პარტია ყველა ლეგიტიმური საშუალებით იბრძოლებს იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების სათავეში აღარ იყოს“,_ აღნიშნა ბარამიძემ.