გასულ კვირას, კურორტ ბახმაროს, მთავრობის გადაწყვეტილებით დაბის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სწორედ სტატუსის არქონა ზღუდავდა კურორტის განვითარებას და იქ ინვესტიციების ჩადებას.
„მას უკვე აქვს სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ექნება თვითმმართველობის სტრუქტურები და წვდომა საერთაშორისო დაფინანსებაზე”, _ აღნიშნა ცქიტიშვილმა.
მინისტრის თქმით, ბახმაროსთან დაკავშირებით მთავრობას დიდი გეგმები აქვს, უკვე შემუშავებულია სივრცითი განითარების გეგმა და ბახმაროს ეკონომიკური განვითარების გეგმაზეც დაწყებულია მუშაობა.
„შარშან დავიწყეთ და უკვე 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული ელექტრომომრაგების პროექტში, რაც ბახმაროს დიდი ხნის პრობლემაა. წელს ეს პროექტი დასრულდება და 2 400 კომლს ექნება მუდმივი ელექტრომომარაგება. ასევე, ვგეგმავთ ცენტრალური სკვერის მოწყობას და სხვა საინტერესო პროექტებს, რაც გაახარებს როგორც ადგილობრივებს, ისე _ დამსვენებლებს“, _ განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, ბახმაროსთვის დაბის სტატუსის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა:
„სამთავრობო უწყებებთან, თუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან შეხვედრებზე, შესაბამისი არგუმენტებით, ყოველთვის ვსაუბრობდით ბახმაროსთვის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაზე. 2017 წელს, კურორტის მიწათსარგებლობისა და სივრცითი მოწყობის გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ, ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
გასულ წელს, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სტუმრობის დროს, კიდევ ერთხელ დავაყენეთ ეს პრობლემა. პრემიერისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის აქტიურმა პოზიციამ ახალი იმპულსი შესძინა ამ საკითხის მოგვარებას. სამინისტროსთან ერთად მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ კანონით განსაზღვრული პროცედურები დავიწყეთ.
კურორტ ბახმაროში დასახლების შექმნის საკითხის ინიცირება, შესაბამისი მოტივაციითა და დასაბუთებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოახდინა კურორტ ბახმაროში უძრავი ქონების 5 მესაკუთრემ.
საკრებულოს მიერ მოწონებული იქნა წინადადება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის, დასახლების შექმნის თაობაზე.
დასახლების შექმნის თაობაზე წინადადების მოწონებისა და შესაბამისი განკარგულების მიღების შემდეგ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ დასახლების სახელდების თაობაზე, მიმართა გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას, საიდანაც მიღებული დასკვნის შემდეგ, მუნიციპალიტეტმა კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია და შუამდგომლობა წარუდგინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელმაც, თავის მხრივ, დოკუმენტაცია და შუამდგომლობა წარუდგინა საქართველოს მთავრობას.
მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ბახმაროს დასახლებას დაბის სტატუსი მიენიჭა.
ეს არის ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ისტორიული გადაწყვეტილება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კუჭავამ.
ჯერჯერობით, უცნობია კონკრეტული პროექტები, რომლის გახორციელებასაც ხელისუფლება კურორტზე აპირებს. კურორტზე, რომლის უნიკალურ თვისებებზე და განსაკუთრებულობაზე წლებია ყველა საუბრობს, თუმცა, რეალობა საკმაოდ მძიმეა.
ჩოხატაურის მერი ამბობს, რომ დაბის სტატუსი ხელს შეუწყობს ბახმაროს განვითარების მიზნით ინვესტიციების ჩადებას და აჩენს საერთაშორისო დაფინანსებაზე წვდომის შესაძლებლობას, რაც კურორტის განვითარების წინაპირობაა:
„ადგილობრივ მოსახლეობას ან დამსვენებლებს ექმნებათ შესაძლებლობა, ეფექტურად მიაწოდონ ინფორმაცია გადასაჭრელ საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ადგილობრივი სტრუქტურის მეშვეობით, ანუ ადგილობრივად გადაწყდეს რიგი საკითხები. კერძოდ, შემდგომში დაბა ბახმაროს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტებისა და ცნობის გაცემისთვის საჭირო დოკუმენტაციის საფუძველზე გასცემს შესაბამის ცნობას; გასცემს შუამდგომლობებს; ადასტურებს ფაქტობრივ მდგომარეობას ოჯახის შემადგენლობასა და საცხოვრებელი ადგილისა და ქონების ფაქტობრივი მოვლა-პატრონობის შესახებ; გასცემს ცნობებს საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის დადგენილების შესაბამისად.
ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ეფექტურად გახორციელდება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენა, შესაბამისი სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციასთან იდენტურობის დადგენის მიზნით,“ _ აღნიშნავს ჩოხატაურის მერი.
ამ დროისთვის დაბა ბახმაროს მცხოვრები არ ჰყავს. თუმცა, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იქ სახლს ფლობს, შესაძლებლობა აქვს დაბაში ჩაეწეროს და ამისთვის მხოლოდ საჯარო რეესტრში მისვლაა საჭირო.
ხაზგასასმელია კიდევ ერთი დეტალი _ როგორც წესი, არჩევნები ჩვენს ქვეყანაში გვიან შემოდგომაზეა. ამ დროს ბახმაროში უმეტესად თოვლია, რამაც შესაძლოა პრობლემები შემქნას. თუმცა, ასე არ ფიქრობს ჩოხატაურის მერი. ირაკლი კუჭავას თქმით, ტექნიკურად ეს პრობლემას არ შექმნის:
„საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1 500 ამომრჩევლისთვის. საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. ინფორმაცია ახალი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციას მიეწოდება მუნიციპალიტეტის მიერ.
ტექნიკურად ეს პრობლემა არ იარსებებს _ ბახმაროში გვიან შემოდგომაზე ათობით ტურისტია და ყველა ის მოქალაქე, რომელიც რეგისტრაციის ადგილად ბახმაროს აირჩევს, შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ირაკლი კუჭავამ.
და კიდევ ერთი დეტალი _ ამ დრომდე ბახმაროში არსებულ სიტუაციაზე ა(ა)იპ „კურორტი ბახმარო“ იყო პასუხისმგებელი, დაბის სტატუსის მინიჭების შემდეგ კი იქ მერის წარმომადგენელი და მისი თანაშემწეები დაინიშნებიან, როგორც ირაკლი კუჭავა ამბობს, კონკურსის წესით. რაც შეეხება ა(ა)იპ-ს, ჩოხატაურის პირველი პირი მის გაუქმებას არ გეგმავს, თუმცა რეორგანიზაციას არ გამორიცხავს:
„როგორც გითხარით, დაბა ბახმაროში კონკურსის წესით დაინიშნება მერის წარმომადგენელი. რაც შეეხება ა(ა)იპ-ს, იგი არ გაუქმდება, რადგან, დაბა ბახმაროს ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას შესაბამისი სტრუქტურა ესაჭიროება, თუმცა, შესაძლებელია გარკვეული რეორგანიზაცია განიცადოს“, _ გვითხრა კუჭავამა, რომლის განმარტებით, კურორტისთვის დაბის სტატუსის მინიჭება მუნიციპალიტეტის ხარჯებს მნიშვნელოვნად არ გაზრდის:
„ხარჯები უმნიშვნელოდ გაგვეზრდება _ მერის წარმომადგენლის და მისი მოადგილის ხელფასი დაემატება, სანაცვლოდ კი ეფექტი გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება“, _ ამბობს ირაკლი კუჭავა.
(R)