1968 წელს კახი კავსაძეს ლენინგრადში იღებდნენ, ფილმში “უდაბნოს თეთრი მზე”. ბატონი კახი ყაჩაღ აბდულას ასახიერებდა, ჩვეული დამაჯერებლობით და ოსტატობით. წინა დღეს მსახიობს მეუღლემ დაურეკა თბილისიდან – მოვფრინავ და აეროპორტში დამხვდიო. რა თქმა უნდა, დროულად მივიდა დათქმულ ადგილზე, მაგრამ რეისი, რომელსაც ხვდებოდა, ჩაიშალა, და უკან შეწუხებული დაბრუნდა, რადგან მეორე დილით, ადრიანად, გადაღებებზე უნდა გამოცხადებულიყო.
იმ დღეს ერთობ პიკანტურ სცენას იღებდნენ: ჩვენი გმირი საყვარელთან ერთად საკმაოდ მოხერხებულ ლოგინში ნებივრობს, შილიფად ჩაცმული ქალი გულაღმა მწოლ აბდულას ყურძენს უმარცვლავს თლილი თითებით, და თითო-თითოს უდებს პირში.
ბატონი კახი მოგვიანებით იხსენებდა:
“დიდი ხნის წინათ მომხდარი ამბავი ახლა რა დასამალია, პირიქით სატრაბახოდაც კი გამომადგებოდა, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ მე და ის მსახიობი ქალი შარვლებით ვიწექით ლოგინში. მხოლოდ წელს ზემოთ ვიყავი შიშველი და კადრშიც მე უფრო ვჩანდი, ჩემს პარტნიორს კი მარტო მკერდი ჰქონდა მოშიშვლებული. მაინც ვიუხერხულე, ახლაც არ ვიცი, რატომ და რეჟისორს ვთხოვე, ამ სცენის გადაღებას ნურავინ დაესწრება–მეთქი. მართლაც, ყველა გაისტუმრა, გადამღები ჯგუფის გარდა. დაიწყო დუბლი. გამალებული ვყლაპავ ყურძენს და თვალი უნებლიეთ კარისკენ გამირბის, რომელიც მოულოდნელად გაიღო. ჩემი მეუღლე დგას და გამტკნარებული გვიყურებს.
– ვაიმე, როდის ჩამოფრინდი–მეთქი, – ვიყვირე ინსტიქტურად. გავაფუჭე სცენა და გავფუჭდი მეც. იმ დროს ფირები ძალიან ძვირი ჯდებოდა, და ახლა რეჟისორმა იტკიცა გაშლილი ხელი შუბლში: “რა ეშმაკობაა!!! რა საზიზღრობაა! ხომ გთხოვეთ, არავინ შემოუშვათ–მეთქი, – ეცა ასისტენტს. “ეს კავსაძის მეუღლეა”, – აიწურა ასისტენტი. “მით უმეტეს! ვინ შემოუშვა, ვინ?!!” – მთლად გადაირია რეჟისორი.
მადლობა ღმერთს, ჩემი მეუღლე დარწმუნდა, რომ შარვლით ვიწექით “საყვარლები”, და მაპატია. ასე “გადავურჩი” ცოლის რისხვას”.