დაბა ჩოხატაურში, მდინარე სუფსაზე, საავტომობილო ხიდისა და სარეგულაციო კედლის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 7 თებერვალს გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 361 752 ლარია და წინადადებების მიღება 23 თებერვალს დაიწყება, 28 თებერვალს კი გაირკვევა ვინ მოიგო ტენდერი და ვინ დაიწყებს ჩოხატაურელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის _ ხიდის მშენებლობას, რომელიც დუმბაძის და გურამიშვილის ქუჩებს დააკავშირებს.
აღნიშნული ხიდის მშენებლობის აუცილებლობის შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაალ მამალაძემ ჯერ კიდევ გასულ წელს ისაუბრა _ სწორედ მისი იდეაა ახალი, სამანქანო ხიდის გაკეთება, რომელიც მოსახლეობას გადაადგილებას გაუადვილებს, განსაკუთრებით კვირას, ბაზრობის დღეს, როცა მიმდებარე ტერიტორია დატვირთულია და ბაზარში მხოლოდ ერთი მხრიდანაა მისადგომი.
სატენდერო პირობების თანახმად ახალი, საავტომობილო ხიდის სიგრძე არანაკლებ 60 მეტრი, სიგანე კი არანაკლებ 7 მეტრი უნდა იყოს.
“აღნიშნულ ადგილზე ამჟამად არსებობს რკინა-ბეტონის ხიდი, რომელიც ამოტრიზებულია _ მისი ერთი მალი ჩანგრეულია და მასზე მოწყობილია ლითონკონსტრუქციის საფეხმავლო გადასავლელი. იგი აერთებს დაბის მჭიდროდ დასახლებულ უბანს ცენტრალურ უბანთან, სადაც განთავსებულია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები: ბაზარი, ცენტრალური სტადიონი, და ა. შ.
გარდა ამისა, აღნიშნული ხიდი წარმოადგენს ცენტრალური ავტომაგისტრალის ალტერნატიული შემოვლითი გზის ნაწილს.
აღნიშნულიდან გამომდინარე და ზემოთ აღწერილი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან არსებული ხიდის აღდგენა-რეაბილიტაცია ექსპერტებმა მიზანშეუწონლად ჩათვალეს, საჭიროა მოეწყოს ახალი სახიდე გადასასვლელი. ასეთი აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებების გათვალისწინებითაც, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, უმთავრესი როლი ენიჭება, როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის საგზაო ქსელის გაუმჯობესებას. ამ მხრივ, მნიშვნელოვან ფაქტორებს განაპირობებს სატრანსპორტო სექტორის განვითარება, რაც აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული საპროექტო ხიდის მოწყობის აუცილებლობა შეიძლება ითქვას გარდაუვალია”, _ აღნიშნულია საპროექტო დოკუმენტაციაში.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ არ მოხდეს ძველი ხიდის დემონტაჟი, რათა ახალი ხიდის მოწყობამდე არ შეიქმნას მიმოსვლის პრობლემა:
“შესაბამისად, ახალი საავტომობილო სახიდე გადასასვლელის განთავსება უნდა მოხდეს არსებული ხიდის გვერდით ისე, რომ ძველი ხიდის დემონტაჟი საჭირო არ გახდეს _ ახალი საავტომობილო სახიდე გადასასვლელის განთავსება უნდა მოხდეს არსებული ხიდის გვერდით ისე, რომ ძველი ხიდის დემონტაჟის საჭიროება არ შეიქმნას”, _ აღნიშნა ზაალ მამალაძემ.
სატენდერო პირობების თანახმად, მშენებლობა 9 თვეში უნდა შესრულდეს. კომპანიას, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 60 დღე აქვს.