ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა ერთი საინტერესო გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნეს.
აღმოჩნდა, რომ ვაშლს საოცარი თვისებები გააჩნია და უახლოეს მომავალში მოდურად ვაშლის დიეტა გადაიქცევა. ახალმა გამოკვლევებმა უჩვენა, რომ დღეში ერთი ვაშლი ზედმეტი კალორიებისგან გიხსნით.
სადილობამდე 15 წუთით ადრე ვაშლის ჭამის შემდეგ ადამიანი 190 კალორიით ნაკლებს მოიხმარს, ვიდრე ხილის გარეშე.
გამოკვლევის შედეგების ანგარიში ამერიკელმა მეცნიერებმა სიმსუქნესთან ბრძოლის საზოგადოების კრებაზე წარადგინეს. ეს გახლავთ გაერთიანება მეცნიერებისა, რომლებიც წონის კონტროლით არიან დაკავებულნი.
პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს, თუ როგორ ახდენს გავლენას ვაშლი კალორიების ათვისებაზე.
ნორმალური წონის მქონე 59 მამაკაცი და ქალი, 5 კვირის განმავლობაში, ყოველდღე ლაბორატორიაში სასაუზმოდ და სასადილოდ დადიოდა. ჭამის წინ ექსპერიმენტის მონაწილეთაგან ზოგს სულ არაფერს აძლევდნენ, ზოგს სთავაზობდნენ ერთნახევარ გაფცქვნილ-დაჭრილ ვაშლს (დაახლოებით 125 კალორია) ან იმდენივე კალორიის მქონე ვაშლის პიურეს თუ წვენს.
დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ ამ ექსპერიმენტის მონაწილეებს სთავაზობდნენ მაძღარ სადილს – ტორტელიან ყველითა და ტომატის სოუსით.
მონაწილეები, რომლებმაც უბრალოდ ვაშლი მიირთვეს სადილობამდე, 187 კალორიით ნაკლებს ითვისებდნენ, ვიდრე დანარჩენები.
„ეს იმის მაჩვენებელია, რომ რაიმე დაბალკალორიული პროდუქტის მიღება ძირითადი კერძის ჭამამდე, შეიძლება შესანიშნავი საშუალება იყოს კალორიების ათვისების შესამცირებლად, – განაცხადა პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯული ფლადმა. – ეტყობა, ხილი ნატურალური სახით უფრო მაძღრისია წვენზე და ადამიანები მას სხვადასხვაგვარად აღიქვამენ: ვაშლის დანახვაზე ფიქრობენ, რომ მისით დანაყრება შეიძლება.“
მეცნიერების მტკიცებით, მათი აღმოჩენა ადასტურებს, რომ ისეთი დაბალკალორიული საკვების მიღება სადილის წინ, როგორიცაა სუპი, სალათა ან ხილი, მნიშვნელოვნად ამცირებს ჭამის მოთხოვნილებას.