შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – მხილებულია 3 არასრულწლოვანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 3 არასრულწლოვანი ამხილეს. მხილებულები არიან: 2002 წელს დაბადებული ნ.ც., 2000 წელს დაბადებული ლ.ჭ. და 2001 წელს დაბადებული ა.ჟ. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ სამმა არასრულწლოვანმა, მიმდინარე წლის 15 მარტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლაში, ღამის საათებში, ფარულად შეაღწიეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ შენობაში განთავსებულ ორ ნოუთბუქს, პერსონალურ კომპიუტერს, ქსეროქსის აპარატს, მუსიკალურ ცენტრს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამივე არასრულწლოვანი მომხდარიდან მეორე დღეს ამხილეს. პოლიციამ მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.
სამივე მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.