ნებისმიერ პიროვნებას გარკვეული უცნაურობები ახასიათებს და გამონაკლისს არც საყოველთაოდ ცნობილი ვარსკვლავები შეადგენენ. ისინი ჩვეულებრივი, მოკვდავი ადამიანები არიან, თუმცა ბევრი თაყვანისმცემელი მათ ცოცხალ კერპებად აღიარებს. დღეს შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების რამდენიმე ახირებას გაგაცნობთ.
ცოტა ხნის წინ მომღერალი მერაია ქერი დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა. ინგლისში ჩასულმა ქალბატონმა უარი განაცხადა ინტერვიუების მთელ რიგზე სხვადასხვა გამოცემებში მხოლოდ იმიტომ, რომ ადრე ადგომა არ უყვარს.
მერაია ქერი საერთოდაც ჭირვეულობით გამოირჩევა. ერთხელ რამდენიმე ათასი დოლარი გადაიხადა იმაში, რომ მისი ძაღლი ნიუ-იორკიდან ლოს-ანჟელესში ჩაეყვანათ. მერაია დაჟინებით მოითხოვს, რომ რესტორანში სადილობისას პირადი მცველები ისე აეფარონ წინ, რომ ცნობისმოყვარე ოფიციანტებს საშუალება არ ჰქონდეთ ნახონ როგორ მიირთმევს საჭმელს.
მშვენიერი ჰოლი ბერი ერთხელ გამოტყდა, რომ ძალიან უყვარს ანონიმურად სხვადასხვა ჩატებში შესვლა და ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ საინტერესო ადამიანებმა მასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა დაამყარონ, როგორც ერთ რიგით მოკვდავთან და არა როგორც ვარსკვლავთან.
ცნობილი მსახიობი კიანუ რივზი დიდი ხნის განმავლობაში მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა. საკუთარ სახლს ჯიუტად არ ყიდულობდა და ღამეებს მეგობართა ბინებში ანდა სასტუმროს ნომრებში ატარებდა.
მსახიობი დენიელ დეი-ლუისი ცნობილია იმით, რომ ყველა ახალი როლისთვის გადაჭარბებული გულმოდგინებით ემზადება. მაგალითად “უკანასკნელი მოჰიკანის” გადაღების წინ მან საკუთარი ხელით გამოთალა კანოე, ისწავლა ნადირის კვალის აღება და ყველგან სანადირო თოფით დადიოდა. “ნიუ-იორკის ბანდებში” სათამაშოდ რომ ემზადებოდა გამუდმებით ემინემის სიმღერებს უსმენდა, რათა ესწავლა, როგორ გამხდარიყო თავისი გმირივით მრისხანე და თვითკმაყოფილი.