16 წლის გოგოს გაუპატიურების შედეგად გაჩენილი ბავშვის მამა 40 წლამდე ნათესავია, _ ამის შესახებ ექსპერტიზის დასკვნაში წერია.
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1979 წელს დაბადებული ი. ბ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. საქმე ეხება 2018 წლის სექტემბერში, ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში 16 წლის არასრულწლოვან გოგოსთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, 40 წლამდე კაცის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარებას. შედეგად გოგო დაფეხმძიმდა, მან ბავშვი მიმდინარე წლის მაისში გააჩინა, მანამდე კი როგორც თავად გოგო და მისი ოჯახი ამბობს, ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა.
შესაბამისად, პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, როდესაც არასრუწლოვანმა ბავშვი გააჩინა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ი. ბ. ახლად დაბადებული ბავშვის მამაა. ოჯახის ინფორმაციით, ბრალდებული მათი ნათესავი და მეზობელია.
გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.