საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს.
“ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მომენტი დაიწყო.
მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ მომავალში, თითოეული თქვენგანი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საზოგადოებაში, რადგან კარგად გესმით: ცოდნა და შემოქმედება, ყოველდღიური შრომა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა არის წინაპირობა თქვენი პირადი კეთილდღეობისა თუ ქვეყნის განვითარებისთვის.
გულითადად გისურვებთ წარმატებებს. იმედი მაქვს, ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში განაგრძობთ იმ ცოდნის გაღრმავებას, რომელსაც სკოლებში დაეუფლეთ”,- წერია მინისტრის მიმართვაში.
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. საგამოცდო ცენტრებში ის აბიტურიენტები მიიღეს, ვისაც გამოცდა პირველ სესიაზე აქვთ. რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო.
დღეს აბიტურიენტები ტესტს ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწერენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ერთიანი ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებით, საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად და აბიტურიენტთა მისაღებად მზად არის. აპლიკანტთა დიდი რაოდენობის გამო ხულოსა და ბათუმში დამატებით ორი ცენტრი გაიხსნა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.