ლანჩხუთის სპორტულმა ცენტრმა, დაახლოებით, ერთი თვის წინ გაასაჯაროვა ინფორმაცია საჭიდაო დარბაზ „ფალავანში” სარემონტო სამუშაოების დაწყების თაობაზე.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის საჭიდაო დარბაზ “ფალავანში”, დაიწყო სარემონტო სამუშაოები. იცვლება შენობის სახურავი და მოპირკეთდება გარე ფასადი“ _ სამსახურის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ამ მოკლე ინფორმაციას ფოტოებიც მრავლად ერთვოდა, მათ შორის საჭიდაო დარბაზის სახურავახდილი შენობისაც. მიუხედავად იმისა, რომ ლამის ერთი თვეა გასული ამ შემთხვევიდან, როგორც მოვლენებმა ცხადჰყო, შენობა ჯერ კიდევ სახურავის გარეშეა, რამაც თავისი საქმე ქნა.
გასული კვირის ბოლოს ლანჩხუთში ხვავრიელად იწვიმა და როგორც ირკვევა, საჭიდაო დარბაზიც გვარიანად დააზარალა. სპორტული ცენტრის ჭიდაობის მასწავლებელს, დავით მჟავიას თუ დავერწმუნებით, შენობაზე სახურავის არ ქონის გამო რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების ინვენტარია განადგურებული. მწვრთნელი მომხდარში სპორტული ცენტრის დირექციის პასუხისმგებლობის საკითხსაც არ გამორიცხავს.
„ასე ბოროტულად და გულგრილად მოექცნენ საჭიდაო დარბაზს, წყალში ტივტივებს საჭიდაო ლეიბები თავისი გადასაფარებლით, რამდენიმე ათასი დოლარის ინვენტარია გაფუჭებული. ახალ დაგებული იატაკი, კედლები და ჭერიც ჩამორეცხილია და განადგურებული, სუფთა ვანდალიზმი. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ამის გამკეთებელი, ვინც იქნება – სპორტული სკოლის დირექცია თუ ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო ორგანიზაცია,. ფაქტობრივად, უშანსოდ დაგვტოვეს მოჭიდავეები. 20 სურათი რომ დადო სპორტული ცენტრის დირექტორმა “ფეისბუქზე”, სახურავის შეცვლას ვიწყებთო და თავს რომ იწონებდა, ყველაფერი ჩემი ინიციატივითააო, პირველ რიგში, ეს გაეთვალისწინებინა, რომ წვიმის შემთხვევაში, რა მოხდებოდა… ყველამ უნდა აგოს პასუხი!” – საკუთარ პოზიციას ასე აფიქსირებდა მომხდართან დაკავშირებით სპორტული ცენტრის მასწავლებელი.
მჟავიასგან განსხვავებით ლანჩხუთის საჭიდაო დარბაზში შემნილ სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით სპორტული ცენტრის დირექციის პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს ჭიდაობის განყოფილების უფროსი, იგი მომხდარზე პასუხისმგებლობას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აკისრებს.
„რა შუაშია აქ სპორტული ცენტრის დირექცია? ტენდერის შემსრულებლებს უნდა გაეთვალისწინებინა ამინდის გარემოება და როგორც ვიცი, ისინი მზად არიან ზარალის ანაზღაურებაზე” – ამბობს კახა აფხაზავა.
საჭიდაო დარბაზის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დაზიანებების გამოსწორების ვალდებულებას სამუშაოების მწარმოებელი ფირმა იღებს.
„უამინდობის გამო სარემონტო სამუშაოების მსვლელობისას დარბაზში ჩამოსულმა წვიმის წყალმა ნაწილობრივ დააზიანა დარბაზის კედლები. მიუხედავად ამისა, სამშენებლო ფირმა იღებს ვალდებულებას აღმოფხვრას ყველა ხარვეზი და დარბაზში დღეს შექმნილი ვითარება ათი დღის ვადაში გამოასწოროს. რაც შეეხება ტატამს, ამ დროისთვის თითოეული მათგანი წესრიგშია” – ვკითხულობთ სპორტული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.