საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ყველა ლიგაში დიდი შესვენებაა გამოცხადებული და ამავდროულად, სატრანსფერო ფანჯარაც ღიააა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბებში გარკვეული ცვლილებები უნდა მოხდეს.
ბუნებრივია, ამ მხრივ საინტერესოა, რა ვითარებაა ლანჩხუთის “გურიაში”, რომელსაც პირველ ორ წრეში ფრიად არასახარბიელო სატურნირო სიტუაცია აქვს და ვითარების გამოსასწორებლად კიდევ ორი წრე რჩება. ფაქტია, რომ არსებულ ვითარებაში რთულია პლეი-ოფის გარეშე ლიგაში დარჩენა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. თან იმ ფონზე, რომ ფინანსური პრობლემების გამო, რიგი გუნდები სუსტდებიან და ეს ფაქტორი “გურიამ” მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.
ფაქტია, რომ არსებული შემადგენლობით წარმატებაზე ფიქრი ზედმეტია და სატრანსფერო პერიოდში უკვე მიდის საუბარი რამდენიმე ფეხბურთელის ყიდვაზე, რომლითაც კლუბი გაძლიერდება.
ვანო კურდღელაშვილი, უმაღლესლიგელი “ვიტ ჯორჯიადან”, უკვე რამდენიმე თამაშია, ირჯება ძირითად შემადგენლობაში; ასევე, “ცხინვალიდან” თამაზ ლომსაძის გადმოსვლაა ნავარაუდევი.
არსებული ინფორმაციით, “გურიას” შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვლება _ საუბარია 10-12 ფეხბურთელის დამატებაზე, სავარაუდოდ, მათ შორის იქნება კიდევ 2 უცხოელი. შემტევი ემანუელ იაგრი უკვე ლიდერად მოგვევლინა და ის გუნდში აუცილებლად დარჩება. ახლა ტრავმირებულია, მაგრამ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ცენტრალური მცველი ჰაპი, რომელიც, ასევე, დაეხმარება კლუბს სეზონის ბოლომდე. კიდევ ერთმა უცხოელმა ბოლო შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა და სავარაუდოდ, მასაც ენდობიან მწვრთნელები.
ფაქტობრივად, გუნდში თითქმის ყველა ხაზი ერთნაირადაა გასაძლიერებელი, რათა ისეთი შეცდომები აღარ განმეორდეს, რის გამოც პირველ წრეში ბევრი ქულა დაიკარგა. ახლა “გურიას” წინ 18 თამაში აქვს, საიდანაც, მინიმუმ, 10-11 უნდა მოიგოს და ისიც საკითხავია, თუ იქნება ეს საკმარისი პლეი-ოფისგან თავის დასაღწევად.
ამ არც თუ სახარბიელო ვითარებას ცოტათი იმის იმედი ამსუბუქებს, რომ ბევრ გუნდში მწვავე ფინანსური კრიზისია, შესაბამისად, ფეხბურთელთა გადინება ხდება. სწორედ ამით უნდა ისარგებლონ ლანჩხუთური კლუბის მესვეურებმა და შეძლებისდაგვარად, ყველა თავისუფალი კარგი ფეხბურთელი ხელიდან არ გაუშვან.
ჯერჯერობით, ვინ მოვა კლუბში, ამაზე საუბარი ნაადრევია, რამდენიმე ვარიანტი განიხილება და ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება ეს პროცესი:
“მთავარია, გვაქვს დიდი სურვილი იმისა, რომ კლუბი ისე გავაძლიეროთ, რომ ლიგაში დარჩენა პლეი-ოფის გარეშე მოვახერხოთ. ამისთვის უშუალო კონკურენეტებს “ექვსქულიანი” თამაშები უნდა მოვუგოთ; მეტიც, ყველა შეხვედრაში მოსაგებად უნდა გავიდეთ.
ამ ლიგაში რომ ყველასთან ტოლსწორად თამაში შეიძლება, ბოლო მატჩებმაც დაადასტურა _ ჯერ “ცხინვალს” და მერე ლიდერს _ “შევარდენი 1906”-ს ლამის შემადგენლობა განახევრებული და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფებმა არაფერი დავუთმეთ და ორივე შეხვედრის მოგებაც კი შეგვეძლო.
ახლა ერთთვიანი პაუზაა ჩემპიონატში, რაც გელა სანაიამ ახალი გუნდის გასაკეთებლად და შესათამაშებლად უნდა იკმაროს”, _ გვითხრეს კლუბში.