ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე განცხადებას ავრცელებენ. განცხადების თანახმად, ისინი თავს დაზარალებულად მიიჩნევენ და„რუსთავი 2“-ისთვის ბრძოლას განაგრძობენ. ისინი აღნიშნავენ, რომ სამართლიანობა აღდგება, მაშინ როდესაც ტელევიზია მის დამფუძნებლებს დაუბრუნდება.
„2004 წელს ჩვენ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული. მან ძალადობითა და ყაჩაღობით მიითვისა ჩვენს საკუთრებაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, რითაც ფეხქვეშ გათელა ფუნდამენტური დემოკრატიული ღირებულებები, როგორიც არის სიტყვის თავისუფლება, საკუთრების ხელშეუხებლობა და რაც მთავარია, მოქალაქის თავისუფლება და ღირსება.
დღეს რუსთავი 2-ის ირგვლივ დატრიალებულმა მოვლენებმა, არსებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ დაგვაყენა იმ ფაქტის წინაშე, რომ შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს მედიალანდშაფტი საქართველოში.
მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ ფუნქციონირებს ხელისუფლების შტოების დაყოფის მექანიზმი, სასამართლო სიტემაში მიმდინარეობს არაჯანსაღი პროცესები და ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების ყველა სფეროში ხდება რუსული მტრული ძალების ინფილტრაცია, ქვეყნის დემოკრატიული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ რუსთავი 2-მა მოახერხოს პარტიული ზეგავლენისგან გათავისუფლება რათა აღიდგინოს გამოკვეთილად კრიტიკული და ჩასაფრებული მიუკერძოებელი მეთვალყურის (ე.წ. ვოჩდოგის), მეოთხე ხელისუფლების ფლაგმანის ფუნქცია.
როგორც არ უნდა დამთავრდეს რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პერიპეტიები, ჩვენ, ტელევიზიის დამფუძნებლები და ამ საქმის მთავარი დაზარალებულები, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ სახელმწიფოს უმოქმედობასა და გვერდზე გადგომის მცდელობას და ჩვენი ერთი კერძო პირის კეთილი ნების ანაბარა დატოვებას. ჩვენ განვაგრძობთ უკომპრომისო ბრძოლას სამართლიანობისთვის – სახელწიფო ვალდებულია დაიცვას ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უხეშად დარღვეული უფლებები.
დღეს ჩვენსა და სამართლიანობის აღდგენას შორის, ჩვენსა და ჩვენ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში. ვიმეორებთ, სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს“, – განცხადებას ხელს აწერენ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე.