„დაჩქარებული წესით ყადაღა სამართლებრივად არ არსებობს”, – ამ განცხადებით, “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი, ტელეკომპანიის დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლის სარჩელს და მოთხოვნას ეხმაურება.
ია კიწმარიშვილის “რუსთავი 2-ის” ქონების დაჩქარებული წესით დაყადაღებას ითხოვს.
პაატა სალია ეჭვს გამოთქვამს, რომ ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ განცხადება იურისტებთან კონსულტაციის გარეშე გამოაქვეყნა. მისივე თქმით, მაშინ როდესაც ია კიწმარიშვილი საუბრობს ქიბარ ხალვაშის მხრიდან თაღლითობაზე, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ შემთხვევაში მას სამართალდამცავი უწყებისთვის გაცილებით ადრე უნდა მიემართა.
„დაჩქარებული წესით ყადაღა სამართლებრივად არ არსებობს. ყადაღას სასამართლო ისედაც იყენებს როგორც ერთ-ერთი უზრუნველყოფის ღონისძიებას 24 საათის განმავლობაში მიმართვიდან. რაც შეეხება ია კიწმარიშვილის განცხადებას, მე ვფიქრობ რომ ეს განცხადება მომზადებულია სამართლებრივი კონსულტაციის გავლის გარეშე. ვინაიდან მასში გვხვდება ისეთი ტერმინები, რომელიც არ არის დამახასიათებელი სამოქალაქო დავისთვის. საუბარი არის თაღლითობაზე. თუ თაღლითობა იყონ ჩადენილი ოდესმე ქიბარ ხალვაშის მიერ ამაზე აქამდეც უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის კუთხით მათი განცხადება გაკეთებული. ქიბარ ხალვაშმა 2008 წელს მიმართა პროკურატურას. არც ერთ სხვა პირს, არც აქიმიძე, დვალს ან კიწმარიშვილს არ მიუმართავთ იმ პერიოდში პროკურატურისთვის. აქიმიძეს და დვალს მიმართული აქვთ 2012 წელს. ჩემთვის უცნობია საერთოდ მიმართული აქვს თუ არა პროკურატურისთვის ია კიწმარიშვილს. სამართლებრივი დავა დასრულებულია ამ საკითხზე. ქიბარ ხალვაში მიჩნეულია სასამართლოს მიერ კანონიერ მესაკუთრედ. შესაბამისად, არანაირი შეზღუდვა მას გაასხვისოს ეს წილები არ გააჩნია. გაურკვეველია რა თაღლითობაზეა საუბარი,“-განაცხადა პაატა სალიამ.