საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს.
„ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“, – აღნიშნა პატრიარქმა.
19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.