2 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში ქართველი ბიზნესმენი, ნიკოლოზ დავითაშვილი მოკლეს. როგორც გავარკვიეთ, მას ახლობლები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. მას ბიზნესი საქართველოში ჰქონდა და ჩვენი ინფორმაციით, უკრაინაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა.
kvirispalitra.ge დაუკავშირდა კიევის პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც გვითხრა, რომ დავითაშვილი “ფოლცვაგენის” მარკის ავტომანქანით მას მერე გაიტაცეს, რაც სასტუმროდან გავიდა. მისივე თქმით, უკრაინელმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებულები – ორი ჩეჩენი და ორი რუსი ეროვნების მამაკაცი უკვე დააკავეს.
“დავითაშვილი, სავარაუდოდ, სწორედ ამ პირებმა მანქანაში ჩაცხრილეს. ნატყვიარი მანქანის სავარძელს ეტყობა. პირველადი დათვალიერებით, ნიკა დავითაშვილი მძღოლის გვერდზე იჯდა და მას მანქანის უკანა სავარძელში მყოფმა პირებმა ესროლეს. ამის შემდეგ ცხედარი მანქანიდან გადაიტანეს და ქუჩაში, ჭაში ჩააგდეს. სავარაუდოდ, ამ საქმეში მონაწილეებიდან ერთ-ერთს ის იცნობდა. დანაშაული სამართალდამცავებმა ვიდეოკამერებით გახსნეს. ამ ჩანაწერში კარგად ჩანს, როგორ უახლოვდება ნიკა დავითაშვილი იმ მამაკაცებს. რამდენიმე წუთი ესაუბრება, ამის შემდეგ ჯდება მანქანაში და იქაურობას მათთან ერთად ტოვებს. რაზე ესაუბრებოდა მამაკაცი დამნაშავეებს და რატომ გაყვა მათ, უცნობია. ერთი ვერსიით, ამ საქმეში ქართველების ხელი ურევია და არ არის გამორიცხული, დაკავებული ჩეჩნები მკვლელობის შემსრულებლები იყვნენ”, – გვითხრა ჩვენმა წყარომ.
ჩვენი ინფორმაციით, ორი პირი დანაშაულს აღიარებს. რატომ მოკლეს ახალგაზრდა კაცი, უცნობია. მისი მკვლელობა, სავარაუდოდ, თანხის შეწერას უკავშირდება. ერთი ვერსიით, დამნაშავეები მისთვის თანხის გამოძალვას ცდილობდნენ. პოლიციამ დამნაშავეები მაშინ დააკავა, როცა ისინი ქუჩაში მიტოვებულ იმ მანქანასთან დაბრუნდნენ, რითაც ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს. ფაქტზე გამოძიება გრძელდება და დაკავებულები ალბათ შემკვეთის ვინაობასაც დაასახელებენ.
წყარო: კვირის პალიტრა