ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოკუპანტების მიერ დაკავებას ეხმაურება და მის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისინი რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების გახშირებული პროვოკაციების გამო შეშფოთებულები არიან.
„შეშფოთებული ვართ რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების გახშირებული პროვოკაციებით, მათ შორის, ოკუპაციის არეალის გაფართოების მცდელობითა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების ძალების მიერ „საგუშაგოების“ მშენებლობით სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვრჩებით მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ სოფელ ატოცსა და გუგუტიანთკარში და საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გრძელვადიანი დახურვით. ამ ქმედებებმა გამოიწვია ადგილზე არსებული მდგომარეობის დესტაბილიზაცია და მძიმედ იმოქმედა კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ახლახან ახალგორის რაიონში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება, რომელიც მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეღო სწრაფი და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო, კიდევ ერთი ტრაგიკული ილუსტრაციაა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების მუდმივი შეზღუდვით გამოწვეული მძიმე შედეგებისა. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით სამხრეთ ოსეთის რეგიონში და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.